23 მარტს, თბილისში გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება
უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება. 23 მარტს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს დინამო არენაზე უმასპინძლებს.
23 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.
საქართველო - სომხეთის თამაშის ბილეთის ფასი 20, 40, 70 და 100 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის ფანებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები.
TKT.GE-ზე გაიყიდება ერევანში, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ 20 მარტს გასამართ მატჩზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთები. ბილეთების გაყიდვა 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა ერევნის ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 14,000 მაყურებელს იტევს.
სომხეთი - საქართველოს მატჩის ბილეთის ფასი 10 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). მომხმარებელი მატჩის ელექტრონულ ბილეთს თამაშამდე 24 საათით ადრე მიიღებს.
სხვა სიახლეები
30.07.2025.12:22
საქართველოს U18 გოგონათა ნაკრები ევროპის C დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ფინალურ მატჩში, ქართველი კალათბურთელები სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 63:60 გაიმარჯვეს.
შეხვედრა ძირითადად ქართველი კალათბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა: ქართველმა გოგონებმა 4-დან 3 მეოთხედი გამარჯვებით დაასრულეს. დასკვნით ფაზაში, ნუგზარ ჭეიშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მობილიზება შეძლო და შეხვედრა სასურველი ანგარიშით დაასრულა.
ფინალურ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა სალომე სვანმა, რომელმაც 26 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა თავი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სალომესთან ერთად, ტურნირზე გამორჩეული იყო ნიცა საბადაშვილიც, რომელმაც სომხეთთან შეხვედრაში 13 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
ტურნირის განმავლობაში, ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 3 გამარჯვება მოიპოვა, პლეი-ოფში კი ალბანეთის, შემდეგ კი სომხეთის დამარცხება შეძლო. ჭეიშვილის გუნდმა განსაკუთრებით დიდი ანგარიშით გიბრალტარი დაამარცხა (131:35), სადაც ნიცა საბადაშვილმა 56 ქულა მოიპოვა.
C დივიზიონში გამარჯვების შედეგად, საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა B დივიზიონში გადაინაცვლა სადაც უფრო მეტი კონკურენცია და დონე ელოდება: როგორც A, ასევე B დივიზიონებში, ევროპის ყველაზე ძლიერი ქალთა საკალათბურთო ქვეყნები თამაშობენ, რაც ცხადია, ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის უფრო მეტი გამოწვევა და პროგრესის მომცემი ენერგია გახდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს U18 გოგონათა ნაკრებს. საქართველოს ბანკი კალათბურთეს ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.