ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი, საერთო ჯამში, 16 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული გზა ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის მიმართულებაზე, ორი პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მოიცავს კმ178-დან კმ185-მდე და კმ186-დან კმ192-მდე მონაკვეთებს.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო ცემენტ-ბეტონის ახალი საფარი, დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა, ასევე მოწესრიგდა მისასვლელი გზა ზაგაროს უღელტეხილზე მდებარე ეკლესიასთან.
ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზები ერთმანეთს ზაგაროსუღელტეხილზე, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე უკავშირდება. ეს გზები ერთიანდება ყველაზე მოკლე მარშრუტში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რაჭა-ლეჩხუმს, ქვემო და ზემო სვანეთს, რაც საგრძნობლად ამცირებს მგზავრობის დროს.
განახლებული გზა მნიშვნელოვანი სტიმულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. ის ზრდის მთიანი რეგიონების ეკონომიკურ, ტურისტულ და საკურორტო პოტენციალს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდა და მისი საერთო ღირებულება 27.9 მილიონი ლარია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“
03.12.2025.11:26
„მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ყველაზე მეტად რაც გაგვაძლიერებს, რაც მთავარი მამოძრავებელი ძალაა ყველა კარგი საქმის კეთების დროს - ეს არის სიკეთე“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“.
„ახალი წლის ღონისძიებებთან ერთად, ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს საახალწლო სლოგანიც, რომელიც ძირითადად უკავშირდება წლის მიხედვით მიღწეულ შედეგებს, წარმატებებსა და იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენი ქალაქის მიმართ გვამოძრავებს. ბოლო წლების განმავლობაში, გვქონდა ბევრი წარმატება, გამარჯვება, თუმცა გვქონდა გარდამტეხი მომენტებიც, რომლებმაც ჩვენი საზოგადოება სხვადასხვა მხარეს აღმოაჩინა; გვაკლდა ერთმანეთის, სამშობლოს მიმართ სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და სხვისი პოზიციის მიმღებლობა; დავდექით მშვიდობის დაკარგვისა და ომის დაწყების ზღვარზე; მოვიპოვეთ საერთაშორისო წარმატება და პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენი საფეხბურთო ნაკრების დამსახურებით, ევროპაში ხმამაღლა დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ ვართ საქართველო!“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საახალწლო სლოგანები ძირითადად უკავშირდება წლის მიხედვით მიღწეულ შედეგებს, წარმატებებსა და იმ სულისკვეთებას, რომელიც საზოგადოებას ქალაქის მიმართ ამოძრავებს.
„მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ყველაზე მეტად რაც გაგვაძლიერებს, რაც მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივატორია ყველა კარგი საქმის კეთების დროს - ეს არის სიკეთე. ვფიქრობ, უფრო მეტი სიკეთე გვმართებს ერთმანეთის, ჩვენი ქალაქის, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების, განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე მოქალაქეების მიმართ; უნდა შევძლოთ და კეთილი ზრახვით, არა ბოღმითა და შურით ვაშენოთ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის მომავალი; სიკეთე უნდა იყოს წამყვანი ფაქტორი ჩვენი შვილების აღზრდის საქმეში, რათა მათ შეძლონ, ღირსეულად ემსახურონ საკუთარ სამშობლოს. სწორედ ამიტომ, წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება - „სიკეთით სავსე ქალაქი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ მომავალ წელს მოსახლეობას სიკეთე, სულიერი სიმშვიდე და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა.
„ჩვენი, ყველას საახალწლო სურვილიც იქნება მეტი სიკეთე, სიყვარული და პატივისცემა სუფევდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, რადგან არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც დღეს საზოგადოება იმყოფება. დაიღალა მოსახლეობა დაძაბულობით, შეურაცხყოფით, ლანძღვით, ერთმანეთისგან გარიყვით. მესმის, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები, თუნდაც პოლიტიკური, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილური და არ უნდა ძაბავდეს საზოგადოებას. ყველას გისურვებთ სიკეთეს, სულიერ სიმშვიდეს და ძლიერ, ღირსეულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას! სიკეთე, სიყვარული და დოვლათი იყოს ჩვენი ოჯახების თანმდევი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.