ვულოცავ ლარის 30 წლის იუბილეს სრულიად საქართველოს - ლარი თითოეული ჩვენგანისთვის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლოა - ნათია თურნავა
დღეს 2 ოქტომბერია, ზუსტად 30 წლის წინ, 1995 წლის ამ დღეს ლარი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. გასული სამი ათეული წელი სავსე იყო მიღწევებით და გამოწვევებით. ამ პერიოდში ლარმა თავისი მთავარი ფუნქცია შეასრულა - ყოფილიყო სანდო და სტაბილური ვალუტა ეკონომიკური ურთიერთობებისა და მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ლარი თითოეული ჩვენგანისთვის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლოა. იგი ღირსეულად აგრძელებს ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას, რომელიც კოლხური თეთრით დაიწყო და საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ცივილიზაციისა და მდიდარი ეკონომიკური წარსულის ნათელი დადასტურებაა. ქართული ფულის სახელწოდებაც ჩვენი ისტორიიდან მოდის - „ლარი“ - ქონების, განძის, სიმდიდრის გამომხატველი სიტყვაა.
ლარის შემოღება იყო საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა ქვეყნის განვითარების ისტორიაში. ლარი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. ამასთან, იგი დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის განხორციელების ქვაკუთხედია. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის კვალდაკვალ, დასაბამი მიეცა ქვეყანაში დამოუკიდებელ ფულად და საკრედიტო სისტემას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ამავე წლის 2 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები - „ეროვნული ბანკის შესახებ“, „ფულად-საკრედიტო რეგულირების შესახებ“ და „ბანკების და საბანკო საქმიანობის შესახებ“. სწორედ ამ პერიოდიდან ოფიციალურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ქართული ვალუტის დიზაინის, სახელწოდებისა და ტექნიკური პარამეტრების შესაქმნელად. ამ პროცესში არ შეიძლება მადლიერებით არ აღვნიშნოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა და დახმარება. სსფ დღემდე რჩება ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორად.
ლარმა უპირველესად, სტაბილურობა მოგვიტანა. მეორე მხრივ, განამტკიცა ჩვენი სუვერენიტეტი. შემდგომ ის ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მონაპოვარი. ახლა დროა, ახალი თავი დაიწეროს ჩვენს ისტორიაში და ეს დამოკიდებული იქნება იმ ქმედებებზე, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. დამოკიდებული იქნება ქართველი ხალხის ნდობაზე. მიხარია, რომ ეკონომიკური სტაბილურობის ფონზე, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაშიც უდავოდ დიდ როლს ასრულებს ლარიზაციის თანმიმდევრული პოლიტიკა, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა და საზედამხედველო მიდგომები, რომელთაც ეროვნული ბანკი ატარებს. ხელშესახები შედეგიც სახეზეა - თუ ათწლეულების წინ დეპოზიტების 70%-80% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, დღეს დეპოზიტების თითქმის ნახევარი ლარშია (50%), ჩვენი ქვეყნის რეზიდენტების დეპოზიტების ლარიზაცია კი კიდევ უფრო მეტად - 57%-მდეა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ ლარის საიუბილეო წელი ეროვნულმა ბანკმა არაერთი ღონისძიებით და აქტივობით აღნიშნა - ვუმასპინძლეთ მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმს, განვაახლეთ სამეცნიერო - ანალიტიკურიჟურნალის გამოცემა, მოიჭრა 5 ლარის ნომინალის ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ - ნიკელის საკოლექციო მონეტები და გამოვუშვით 50 ლარის ნომინალის საიუბილეო ბანკნოტი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ინიციატივით საქართველოს ფოსტამ გამოუშვა თემატური საფოსტო მარკა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი მოამზადა დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის იასონ ლორთქიფანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. წელს ეკონომისტის დღე საქართველოში ტრადიციულად კონფერენციით აღნიშნა, რომელიც ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ლარის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, წლის ბოლომდე სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებით.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ლარის 30 წლის იუბილეს ყველას, ვინც ჩართული იყო ფულის რეფორმის განხორციელების პროცესში. მათ, ვინც მოამზადა ქართული ლარის შემოღების ეკონომიკური საფუძვლები და მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ქართული სახელმწიფოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.13:24
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ SIBOS-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში წარსდგა.
აღსანიშნავია, რომ სებ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა SWIFT-ის საერთაშორისოკონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში სებ-ის პრეზიდენტი გამოდის.
ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას ფინანსური სერვისების სფეროში ინოვაციების დანერგვის კუთხით საქართველოს გამოცდილებასა და ხედვებზე ისაუბრა.
სებ-ის პრეზიდენტმა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება შუა დერეფნის გასწვრივ, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას, რაც შედეგად ქვეყანას ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ფინანსებისა და ლოგისტიკის ბუნებრივ ხიდად აქცევს.
„რეგიონის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები იზიარებენ ერთსა და იმავე მიდგომას, რომ რეგიონული ინტეგრაცია გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა. გვჯერა, რომ შუა დერეფანში მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობით ფინანსური მომსახურების განვითარება შეიძლება იყოს გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და ფრაგმენტაციისსაპირწონე პროცესი იყოს", - აღნიშნა მან.
ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და რეგიონულ ფინანსური ინტეგრაციის ინიციატივებს გაუსვა ხაზი, რომლებიც მიზნად ისახავს ფინანსური მომსახურების ინფრასტრუქტურის, მათ შორის საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. გარდა ამისა სებ-ს ოფიციალური განაცხადი აქვს გაკეთებული საქართველოს ერთიან ევროგადახდების სივრცეში (SEPA) წევრობაზე.
„SEPA-ში წევრობა საქართველოსთვის მნიშვნელოვან სარგებელს მოიტანს, რადგან ის ევროკავშირთან გადახდის უფრო ეფექტურ სისტემებს უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი სავაჭრო კავშირებისა და ორივე მიმართულებით ტრანზაქციების მოცულობის ზრდის გათვალისწინებით. რადგან შუა დერეფანი ვაჭრობასა და ტრანსპორტში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, საქართველოს SEPA-ში ჩართვა გაზრდის რეგიონულ ფინანსურ კავშირებს. ეს საქართველოს შუა დერეფნის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის საზღვრისპირა ტრანზაქციების კარიბჭედ წარმოაჩენს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას" - განაცხადა მან.
ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა გლობალური სავაჭრო და ფინანსური ნაკადების ფრაგმენტაციაზე, რაც საფრთხეს უქმნის ზრდას, ფინანსურ დაკავშირებადობას და გლობალურ ეკონომიკას ახალ გაურკვევლობას მატებს. სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს და მის პარტნიორებს შეუძლიათ რეგიონალური გამოწვევები საერთო შესაძლებლობებად აქციონ ინოვაციური, უსაფრთხო და ინკლუზიური ფინანსური ეკოსისტემების შექმნით.
„ეს ძალისხმევა არა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენი რეგიონის უნარს, გაუძლოს გარე შოკებს, არამედ ხელს შეუწყობს გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას,"- განაცხადა ნათია თურნავამ.
SIBOS-ის ყოველწლიური მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე, SWIFT-ის მიერ არის ორგანიზებული და აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, კონფერენციაზე სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე ხაზარაძესთან და საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროს ნატალია ჭყოიძესთან ერთად იმყოფება.