ვირტუალური აქტივების ბაზრის უფრო უსაფრთხოდ ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მეტად დაცვის მიზნით ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები სებ-ის სრულ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან
საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზრის უფრო უსაფრთხოდ ფუნქციონირების, მომხმარებელთა მეტად დაცვისა და საზოგადოებაში ნდობის გაზრდის მიზნით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები (VASP) საქართველოს ეროვნული ბანკის სრულ პრუდენციულ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან, მსგავსად სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვა ფინანსური ინსტიტუტებისა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში შესული ცვლილებით, სებ-ს მიენიჭა უფლება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური შემოწმების ფარგლებში, დაადგინოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი, კაპიტალის და აქტივების მიმართ მოთხოვნები, რისკების მართვის სტანდარტები, რისკების მართვის ჩარჩო და სხვა დამატებითი მოთხოვნები.
ცვლილების ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებელთა და ინვესტორთა კიდევ უფრო მეტად დაცვას, ხოლო ბიზნესი უფრო მდგრადი გახდება როგორც ტექნიკური, ასევე ოპერაციული თვალსაზრისით და ქვეყანა უფრო მეტად დაუახლოვდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
2023 წლიდან დღემდე განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ვირტუალური აქტივის მომსახურების სფერო სწრაფად იცვლება და ვითარდება. ასევე ვითარდება ვირტუალური აქტივის მომსახურებები და იზრდება ამ მომსახურებების მომხმარებელთა რაოდენობაც, რაც ეროვნული ბანკის მხრიდან გაძლიერებულ ზედამხედველობას მოითხოვს.
სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხდა ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის გაფართოება, რაც მათ შორის მოიცავს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების პრუდენციულ ზედამხედველობას, კაპიტალის ადეკვატურობას, მომხმარებლების უფლებების დაცვას, კიბერუსაფრთხოებისა და საოპერაციო რისკების მოთხოვნების დანერგვას.
სხვა სიახლეები
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, მთავრობის გადაწყვეტილებით, სპეციალური რეისები შესრულდება
02.03.2026.20:47
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესრულდება სპეციალური რეისები, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები: მუსკატი (ომანის სასულთნო) – თბილისი (საქართველო) – 03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით); 05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით).
რიადი (საუდის არაბეთი) – თბილისი (საქართველო) – 04.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით).
საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი): ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335; ტელეფონი: +971 2 553 36 83; ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge
საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა): ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071; ტელეფონი: +974 44 739 499; ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge.
აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისთვის“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.