ვფიქრობ, გაიზრდება იმ ფაკულტეტების სია, სადაც ბაკალავრიატი 3-წლიანი გახდება - კახა შენგელია
ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე, ხოლო მაგისტრატურაზე კი - 1 წლამდე მცირდება. როგორც განათლების მინისტრის გიორგი ამილახვრის ბრძანებაშია ნათქვამი, ბაკალავრიატის მიმართულებით, ცვლილებები იქნება ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამის, მაგისტრატურაში კი, ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში.
„კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მფლობელი, კახა შენგელია Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ შესაძლოა, გაიზარდოს იმ ფაკულტეტების სია, სადაც სწავლა 3-წლიანი იქნება.
„როგორც ვიცი, სამინისტროს მიდგომაც ისეთია, რომ ვფიქრობ, გაიზრდება იმ ფაკულტეტების სია, სადაც ბაკალავრიატი 3-წლიანი გახდება. რა ინფორმაციაც მაქვს, მიმდინარეობს საუბარი ტურიზმზე, IT-ზე და ა.შ. დარწმუნებული ვარ ეს სია გაფართოვდება და მეტ ფაკულტეტზე გახდება სწავლა სამწლიანი“, - ამბობს შენგელია .
„კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მფლობელი, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
„ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ საქართველოს განათლების სისტემა და ეს სპეციალობები გახდეს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება არის სწორი და ძალიან დროული. საქართველოს სჭირდება ძალიან ბევრი ინვესტიცია, ამ შემთხვევაში განათლების კუთხითაც. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოში კიდევ უფრო მეტი უცხოელის ჩამოსვლას, რომლებიც განათლებას მიიღებენ ჩვენს ქვეყანაში. უფრო მეტი საშუალება ექნება ჩვენს განათლების სისტემას, რომ უფრო მეტად განვითარდეს“, - აცხადებს შენგელია.
სხვა სიახლეები
ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს
07.04.2026.15:48
ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა დაინტერესებულ მხარეებთან განიხილეს. შეხვედრა გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში, შედგა, პროექტის მიმდინარე ეტაპის შესახებ პრეზენტაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და თემატურად დაკავშირებული სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს პროექტის შემსრულებელმა გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქ ახალიციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვის ჩამოყალიბების პროცესზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.
ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავება განვითარების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ურბანული სტრუქტურისა და ფუნქციური ორგანიზაციის გაუმჯობესებას, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირებულად განვითარებას ემსახურება.
ახალციხისა და ოზურგეთის გენერალური გეგმების შემუშავება საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობით, გენერალური გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებისგან შემდგარი კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს CITYFÖRSTER (ნიდერლანდები) BAU Design-თან (საქართველო) პარტნიორობით. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.