ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი - პრემიერი
ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. ასეთ დროს, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა“ და ამ დროს შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების ტაძარში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და დედა ეკლესიას.
„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. დღევანდელი დღე არის უდიდესი ტკივილით სავსე თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს დასრულდა დიდი ეპოქა. ვემშვიდობებით ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედა ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. ამასთან ერთად, დღევანდელი დღე არის აღმატებულიც თითოეული მორწმუნე ქართველისთვის. დღევანდელი დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ ჩვენს თავს, თუ რამდენად დიადია ერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვას. უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის პირველი წლები გასდევდა ქართული კულტურის ოქროს ხანას. იმ ეპოქის ქართველი მოღვაწეები ქმნიდნენ ახალ შემოქმედებით საგანძურს, რითაც ამდიდრებდნენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სულიერებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ამ საქმეს ახალი განზომილება შესძინა და ის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებაში გარდასახა. გასული წლების განმავლობაში ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა მრავალმა მოღვაწემ, მთელმა თაობამ, რომელთაც ქართული კულტურის ოქროს ხანის შექმნაში გამორჩეული წვლილი მიუძღვით. დღეს კი ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. ასეთ დროს, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა“ და ამ დროს შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა. ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი რჩება ჩვენთან ერთად და ზეციური საქართველოდან, ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ჩვენს დედა ეკლესიას. როდესაც ვფიქრობ პატრიარქზე და მის მოღვაწეობაზე, მახსენდება კიდევ ერთი სიტყვები დიდი ქართველი პოეტის იმავე ლექსიდან „გაშალა ველი ნელმა ნიავმა, და მელანდება მე მის წიაღში მოხუცი მამა, მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში“. ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება მოხუცი მამის ეს ხატება. ბევრჯერ გაგვახსენდება უწმინდესი და უნეტარესი ილია II, როგორც მოხუცი მამა უვლის მისთვის უძვირფასეს ვენახს, როგორ ევლება თავს დედა ეკლესიას, თავის სამშობლოს და თითოეულ სულიერ შვილს. მადლობა უწმინდესს და უნეტარესს მისი მოღვაწეობისთვის, უდიდესი ღვაწლისთვის და განუზომელი სიყვარულისთვის. ღმერთმა დალოცოს უწმინდესი და უნეტარესის, ილია მეორის სული, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის სულიერ შვილებად - ბიძინა ივანიშვილი
22.03.2026.16:18
ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს, დიდი განსაცდელი, ან დიდი სიხარული აერთიანებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, საქართველოს თითოეული შვილი, მთელი სისავსით გრძნობს, რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ილია მეორე ტოვებს, ვინაიდან, ქვეყანა ემშვიდობება ეპოქას, რომელსაც მისი სახელი ერქვა.
„დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას - მილიონობით ქართველი მდუმარედ ვხვდებით დიდ განსაცდელს და სწორედ ამ გამაყრუებელ მდუმარებაში, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის, ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს, თუ რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ... ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა.
დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის სულიერ შვილებად, შვილებად - მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე, გარდაცვალებაც საკუთარი სამწყსოს - ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა.
უწმინდესო და უნეტარესო - დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის...
ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი...“,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.