ვახტანგ ცინცაძემ აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ნათია თურნავასთან ერთად მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც ქ. ვაშინგტონში შედგა.
შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პროგნოზები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებასა და ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას. ამავდროულად, შეხვედრის ფარგლებში განხილვის საგანს წარმოადგენდა გლობალური მაკროეკონომიკური გარემო და მისი შესაძლო გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკამ არაერთხელ აჩვენა მდგრადობა საგარეო შოკებისა და გლობალური გამოწვევების მიმართ და შექმნა ადეკვატური ბუფერები სამომავლო შოკების გამკლავებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.
სხვა სიახლეები
დევნილთა კომპენსაციის პროგრამის მიმართ ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა - მიხეილ სარჯველაძე
26.11.2026.09:03
„მოლოდინს გადააჭარბა პროგრამის მიმართ ინტერესმა. ბევრად მეტი აღმოჩნდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც დროის გათვალისწინებით, ოპტიმალურია სახელმწიფოს შეთავაზება. საბოლოო ჯამში, კომპენსაციის მისაღებად, მიმართვა 15 000-ზე მეტმა ოჯახმა გააკეთა“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საცხოვრისის ნაცვლად, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი გაიცემა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ოჯახები თანხას გაკეთებული განაცხადების თანმიმდევრობის მიხედვით მიიღებენ, თუმცა, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს გადამოწმების პროცედურები. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ადმინისტრაციული პროცესის შემდეგ, დაიწყება კომპენსაციების გაცემა.
„ვფიქრობ, დაახლოებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან უკვე მზად ვიქნებით კომპენსაციების გასაცემად. ჩვენ შევეცდებით, გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, მთლიანად ამოვწუროთ თანხა და დავაკმაყოფილოთ ოჯახები. რაც შეეხება მომდევნო წელს, პროგრამა გაგრძელდება - საბედნიეროდ, მომავალი წლის ბიუჯეტიც იძლევა შესაძლებლობას, შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაკეთებული განაცხადებიდან გამომდინარეობს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.