უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას - ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია l პრემიერი
უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ პატრიარქის ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ფასდაუდებელია.
„მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსმთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო ჩვენს გულებში რწმენის განმტკიცება.
უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია. უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უანგარო მსახურებით მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს და თითოეულ თანამოქალაქეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის ფარგლებში, ProCredit Bank-ში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართა
სხვა სიახლეები
ჩვენმა ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი და მძიმე გზა გამოიარა, ამ გზაზე კი ილია მეორე თავის სამწყსოს ყოველთვის თავდადებით, სიყვარულითა და ერთგულებით მიუძღოდა - მადლობა ჩვენს პატრიარქს ყველაფრისთვის - გივი მიქანაძე
18.03.2026.16:01
თითოეულ თანამოქალაქეს, სრულიად საქართველოსა და ქრისტიანულ სამყაროს ვუსამძიმრებ ჩვენი სულიერი მამის, ილია მეორეს გარდაცვალებას, - წერს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, თავისი მოღვაწეობით, სიბრძნითა და მეოხებით ჩვენი პატრიარქი ყოველთვის ზრუნავდა ქართველი ერის სულიერ განმტკიცებაზე, ქრისტიანული ფასეულობებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე.
„ჩვენმა ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი და მძიმე გზა გამოიარა, ამ გზაზე კი ილია მეორე თავის სამწყსოს ყოველთვის თავდადებით, სიყვარულითა და ერთგულებით მიუძღოდა.
მადლობა ჩვენს პატრიარქს ყველაფრისთვის – იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს, მის სულიერ შვილებს, გვინარჩუნებდა რწმენას და ყოველდღიურად გვაძლევდა ერთმანეთის პატივისცემის, სიყვარულისა და სამშობლოსთვის თავდადების ნათელ მაგალითს.
ილია მეორეს სულის პატივსაცემად ჩვენ ერთობლივი ძალებითა და შემართებით უნდა შევძლოთ ყველა სირთულის დაძლევა და გავაგრძელოთ საქართველოს გამთლიანებისკენ სვლა. მჯერა, მისი სული ჩვენს სამშობლოს მფარველ ანგელოზად მოევლინება. დიდება მის ხსოვნას!“, - აღნიშნავს გივი მიქანაძე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.