უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის ცხოვრება და ეპოქალური მსახურება არასდროს მიეცემა დავიწყებას - ის დარჩება, როგორც სულიერი წინამძღოლი, რომლის სიტყვა და საქმე კვლავაც გააგრძელებს გზის ჩვენებას მომავალი თაობებისთვის l თემური ჭყონია
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ჭყონია ილია II-ის გარდაცვალებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლი საქართველოს ეკლესიის, მართლმადიდებლობის, მთლიანად საქრისტიანოსა და ჩვენი ქვეყნის წინაშე განუზომელია.
უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის ცხოვრება და ეპოქალური მსახურება არასდროს მიეცემა დავიწყებას. ის დარჩება, როგორც სულიერი წინამძღოლი, რომლის სიტყვა და საქმე კვლავაც გააგრძელებს გზის ჩვენებას მომავალი თაობებისთვის.
მისი გარდაცვალება მძიმე და შეუვსებელი დანაკლისია ჩვენი ოჯახისთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის, საქართველოსა და მთლიანად საქრისტიანოსთვის.
მშვიდად განისვენოს მისმა სულმა “, - წერს თემური ჭყონია.
სხვა სიახლეები
რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
19.03.2026.14:58
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები ყველა მიმართულებით უფასო იქნება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
აქვე აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ავტობუსები იმოძრავებს სამუშაო დღეებში არსებული გრაფიკით.
„სამძიმარს ვუცხადებ და ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო. რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, 21 და 22 მარტს მუნიციპალური ტრანსპორტი სრული დატვირთვით, როგორც სამუშაო დღეებში, ისე იმოძრავებს და ყველა მიმართულება იქნება უფასო. თბილისის მიმართულებით 16 ათასამდე მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. თბილისიდან ბოლო ავტობუსი შაბათს, ხუთივე მარშრუტზე ღამის 01:00 საათზე გამოვა“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.
გადაწყვეტილება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.