უშუალოდ ბაგა-ბაღის ჭიშკრის წინ არ უნდა მოხდეს ცხოველის დატოვება, თუმცა ეს არ ზღუდავს ახლო ტერიტორიაზე მის დაბრუნებას - ლაშა ავალიანი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ლოკაციაზე დაბრუნების წესზე ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ნორმა მკაცრად არ არეგულირებს მანძილს, თუმცა გულისხმობს, რომ ცხოველის დაბრუნება არ უნდა მოხდეს კონკრეტული ობიექტების, მაგალითად, ბაგა-ბაღების უშუალო შესასვლელებთან.
„აღნიშნული განკარგულება არ არის მკაცრი მანძილთან მიმართებაში. საუბარია იმაზე, რომ უშუალოდ ბაგა-ბაღის ჭიშკრის წინ არ უნდა მოხდეს ცხოველის დატოვება, თუმცა ეს არ ზღუდავს ახლო ტერიტორიაზე მის დაბრუნებას. ყოველთვის არსებობს ორი მხარე, ამ შემთხვევაში, მაგალითად, თუ ბაზრის ადმინისტრაციას ცხოველი შიდა ტერიტორიაზე დაუბრუნდება, მაკონტროლებელმა ორგანომ შეიძლება დააჯარიმოს იმის გამო, რომ მის ტერიტორიაზე ცხოველი თავისუფლად გადაადგილდება. ეს საკითხი საჭიროებს სწორად დარეგულირებას“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მსგავსი საკითხები უფრო ეფექტიანად შეიძლება დარეგულირდეს არა უშუალოდ განკარგულებაში, არამედ სახელმძღვანელო დოკუმენტებითა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურებით, რომლებიც დეტალურად განსაზღვრავს თანამშრომლების მოქმედების პრინციპებს.
სხვა სიახლეები
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
02.04.2026.15:37
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრ ოთარ ჩრდილელთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან და ზედა ვაკის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ბექა გელენავასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრ „პროსპეროს‘‘ ესტუმრა. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული ცენტრი დედაქალაქის მუნიციპალიტეტის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ერთ-ერთი მიმწოდებელია.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ცენტრის დირექტორმა თეა ჩანადირმა ცენტრის გარემო დაათვალიერებინა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აბილიტაციის იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც ბენეფიციარები
იღებენ.
ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ბექა მიქაუტაძემ ყურადღება აუტიზმის სპექტრის მქონე ბენეფიციარებთან მუშაობის პრინციპებზე, მათ საჭიროებებსა და მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა იმ ბავშვებისა და მოზარდების მიმართ, რომლებიც აუტიზმის სპექტრის დარღვევის აბილიტაციის პროგრამაში არიან ჩართულნი. ამჟამად პროგრამით მოსარგებლეთა ლიმიტი 300 ერთეულით არის გაზრდილი, რაც ნიშნავს
, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებას უკვე 2700 ბენეფიციარი იღებს.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს იმისათვის, რათა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სერვისი მაღალი ხარისხით იყოს მიწოდებული“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
2007 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.