უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
2025 წლის 9 აგვისტოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში ახალი პოლიტიკური ჯგუფი "პატრიოტები ევროპისთვის " შეიქმნა
31.03.2026.15:47
სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე ესწრებიან, პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მონაწილეობით, ახალი პოლიტიკური ჯგუფი "პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში" (“Patriots for Europe in Congress”) შეიქმნა.
ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე აირჩიეს. "პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში" ამ ეტაპზე 6 ქვეყნის- საქართველოს, უნგრეთის, ავსტრიის, ჩეხეთის, იტალიისა და ესპანეთის პოლიტიკური ფრაქციების წარმომადგენლებისგან შედგება.
პოლიტიკურ ჯგუფს უნგრეთის წარმომადგენელი ანა მაგიარი ხელმძღვანელობს (Fidesz-KDNP) და მისი ვიცე-თავმჯდომარე, ნინო ვარდოსანიძესთან ერთად, ჩეხი რიჩარდ ვერესი (ANO 2011) გახდა.
ჯგუფის მიზანი სუვერენიტეტის მომხრე, პატრიოტი ევროპელი პოლიტიკოსების თანამშრომლობის გაძლიერებაა. ჯგუფი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე იმუშავებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე კონგრესში აღნიშნულ პოლიტიკურ ჯგუფში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების მოსაზრებების გაჟღერებას უზრუნველყოფს.
როგორც ნინო ვარდოსანიძემ განაცხადა, პოლიტიკური ჯგუფის შექმნა დროული და აუცილებელი იყო. მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფი შესაძლებლობას მისცემს კონგრესის წევრებს საქმიანობისას უფრო ქმედითები და აქტიურები იყვნენ. როგორც ნინო ვარდოსანიძემ განაცხადა, პოლიტიკური ჯგუფის წევრებმა ერთმანეთის დახმარების პირობა დადეს.