უფალმა შეგვაძლებინოს ვიცხოვროთ ისე, როგორც მოგვიწოდებდა ჩვენი პატრიარქი - რწმენით და სიყვარულით l ქეთევან ჭავჭანიძე
თბილისის საკრებულოს წევრმა ქეთევან ჭავჭანიძემ საკრებულოს სხდომაზე სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო უდიდესი მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალებით როგორც ჩვენი დედაეკლესიისათვის, ასევე მთელი ერისთვის ერთი ეპოქა დასრულდა.
„ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე და ამიტომაც სრულიად საქართველო გახდა ჩვენი პატრიარქის ჭირისუფალი. ეს არ იყო ჩვეულებრივი გლოვა, თითოეული ჩვენგანი დაობლდა მისი გარდაცვალებით, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ჩვენს გულებში მადლიერება და დიდი სიყვარული დატოვა“, - განაცხადა ქეთევან ჭავჭანიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ უამრავ ხალხში ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო, რომლებიც თვალცრემლიანი გლოვობდნენ პატრიარქს და სწორედ ეს ადამიანები იქნებიან, რომლებიც მომავალში ჩვენი ქვეყნის კეთილგონიერებას და განვითარებას უზრუნველყოფენ.
„მადლობა იმ სიყვარულისთვის და სინათლისთვის, რომელიც ჩვენს გულებში დატოვეთ. უფალმა შეგვაძლებინოს ვიცხოვროთ ისე, როგორც მოგვიწოდებდა ჩვენი პატრიარქი - რწმენით და სიყვარულით“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფინანსთა მინისტრი JP Morgan-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
24.03.2026.18:08
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა JP Morgan-ის მმართველ დირექტორ სტეფან უაილერს და კომპანიის წარმომადგენლებს.
მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ევროობლიგაციების რეფინანსირების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. საუბარი, ასევე, შეეხო სახაზინო ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრის განვითარებას და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმების დასახვას.
ქართული მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.