უდიდესი ტკივილი გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამ - ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში l პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„უდიდესი ტკივილი გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებამ.
ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში. უწმინდესის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების განუმეორებელ მაგალითად დარჩება, ხოლო მისი სიბრძნე და სიყვარული ღრმა კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის გულში.
მთელი ამ დროის განმავლობაში, ის უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ჩვენი ხალხისთვის მტკიცე საყრდენადაც იქცა. პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს, კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს კი ამ უმძიმეს წუთებში უფლის შემწეობასა და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.
სხვა სიახლეები
ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა იყო მრწამსის მაღალი ღირებულებების, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის სიმბოლო - ნიკოლ ფაშინიანი
18.03.2026.15:22
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
როგორც წერილში ფაშინიანი აღნიშნავს, ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა იყო მრწამსის მაღალი ღირებულებების, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის სიმბოლო.
„ტკივილით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა იყო მრწამსის მაღალი ღირებულებების, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის სიმბოლო.
მისი დაუვიწყარი წვლილი სულიერი ცხოვრების განვითარების, საზოგადოების კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში მუდამ დარჩება ყველას მეხსიერებაში. სომეხი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ მწუხარებას და თანავუგრძნობ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ძმურ ქართველ ხალხს, ვუსურვებ რა ძალას და სიმტკიცეს ამ რთულ მომენტში“, - წერს ფაშინიანი.