უამინდობის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ141-კმ184 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ140 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანმა Google-ის წარმომადგენლებთან საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესაძლებლობები განიხილა
24.10.2025.17:01
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი კორპორაცია Google-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში რეგიონულ პროგრამას „Build With AI for Public Sector" - ს ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის ცოდნის გაღრმავებას და მონაცემებზე დაფუძნებული მმართველობის განვითარებას.
შეხვედრაზე Google-ის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს გააცნეს რეგიონული პროგრამა, რომლის ფარგლებში, Google-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და შედეგიანობის გაუმჯობესების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ასევე განიხილეს ამ ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და რისკები.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს ციფრულ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას, ინოვაციების ხელშეწყობასა და გლობალურ დონეზე კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება. „ჩვენი მიზანია, საქართველოს ჩამოყალიბება რეგიონულ ციფრულ ჰაბად, რომელიც ევროპასა და აზიას მაღალი გამტარიანობის ოპტიკურ - ბოჭკოვანი ქსელებითა და ჰიპერ მასშტაბური მონაცემთა ცენტრებით დააკავშირებს," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, ციფრულ წიგნიერებაში ინვესტირების გაგრძელების, ინოვაციების ხელშეწყობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მმართველობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას და ხაზი გაუსვა დღევანდელი ღონისძიების მნიშვნელობას ამ მიმართულებებით.
Google-ის პროექტი ითვალისწინებს ღრუბლოვანი სისტემების, ხელოვნური ინტელექტის მოდულების, ონლაინ თაღლითობის წინააღმდეგ Google-ის დაცვის სისტემების შესაძლებლობებზე, მათ მნიშვნელობასა და გამოყენებაზე ცნობიერების ამაღლებას საჯარო მოხელეებისთვის. ასევე მოიცავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებასა და Google-ის გეოინტელექტის შესაძლებლობებს, რაც საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში დაეხმარება.