UAG-ის თანამშრომლებს საგანგებო ვითარების დროს უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკულის წავლება ჩაუტარდათ
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) თანამშრომლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაუტრეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ ისე, პრაქტიკულ ნაწილს. როგორ უნდა მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციების დროს? სწავლების მიზანი, კომპანიაში დასაქმებულთათვის, საგანგებო სიტუაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მიწისძვრის, ხანძრისა და სხვა საგანგებო ვითარების დროს მოქცევის წესების გაცნობა იყო.
თეორიული სწავლების დროს, აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს, ინფორმაცია მიეწოდათ საგანგებო სიტუაციების ტიპების, მათი პრევენციის, ევაკუაციის პროცედურებისა და სახანძრო-სამაშველო ძალების საქმიანობის შესახებ.
რის შემდეგაც გაიმართა სიმულაციური პრაქტიკული სწავლება, სადაც ჩართული იყო სახანძრო ეკიპაჟი, სასწრაფო დახმარების მანქანები და საპატრულო ეკიპაჟი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის, ნუგზარ ციხელაშვილის განცხადებით, საგანგებო სიტუაციის სიმულაციის ფარგლებში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით, ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობიერების ასამაღლებლად ჩატარდა სიმულაციური სწავლება საგანგებო სიტუაციების დროს სწორად მოქცევის, ევაკუაციის სწორად განხორციელების მიზნით. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისმა დანაყოფმა, ამავდროულად სწავლებაში გამოიყენეს სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის, ასევე საპატრულო და სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები,-‘’განაცხადა ნუგზარ ციხელაშვილმა.
პრაქტიკული სწავლება ხანძრის ქრობის, ასევე, ოფისის თანამშრომლებისა და დაშავებულთა ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილია სერვისები, რომლითაც სხვადასხვა ორგანიზაცია სარგებლობს.
სხვა სიახლეები
საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გაიხსნა
06.03.2026.19:04
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას და ADB-ს ქვეყნისა და მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს აზიის განვითარების ბანკთან განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს, რასაც ძალიან ხელშესახები შედეგები მოაქვს. დიდი ხანია, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ყველაზე სანდო, მნიშვნელოვანი, განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო პარტნიორია და მისი საქმიანობა საქართველოში სრულად შეესაბამება ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებს. ვაფასებთ ბანკის წვლილს სხვადასხვა დარგის განვითარებაში. ბანკის მოქმედი საინვესტიციო პორტფელი 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, რაც მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას ხმარდება. მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკის მთელს გუნდს და საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლესლი ბეარმან ლაჰმს, რომლის პირადი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ განსაკუთრებულია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის მზარდ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ.
„ჩვენი პარტნიორობა მტკიცეა. აზიის განვითარების ბანკის კომიტეტმა ბოლო სხდომაზე 1 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის გამოყოფა განსაზღვრა საქართველოს კერძო და საჯარო სექტორების განვითარებისთვის, რაც ინვესტიციების გზით ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ერთად მივაღწიეთ წინსვლას მასშტაბური პროექტების მხარდაჭერით, მუნიციპალური სერვისების გაძლიერებით, დარგობრივი და ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობით და ხალხში ინვესტირებით. ბევრად ადრე, ვიდრე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას მივიღებდით, მიზნად დავისახეთ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენი პარტნიორობა ძლიერ საფუძველს ემყარება, რაც მოიცავს საერთო ფასეულობებს და ერთობლივ ძალისხმევას ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა მასატო კანდამ.
აზიის განვითარების ბანკს ახალი ოფისის გახსნა მიულოცა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ ADB-ის მხარდაჭერით ქვეყანაში არაერთი ტრანსფორმაციული პროექტი განხორციელდა.
„აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაბამისად იზრდება. მატულობს ბანკის საინვესტიციო პორტფელიც. მომდევნო წელს ჩვენი თანამშრომლობის 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და მთელ ამ პერიოდში აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის წამყვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. ტრანსფორმაციული პროექტები საქართველოში სწორედ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. ჯამში მათი მოცულობა 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში ინვესტიციებს. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. აზიის განვითარების ბანკთან გვაკავშირებს 2024-2028 წლების პარტნიორობის სტრატეგია, რომელშიც გაწერილია საქართველოს მთავრობის საშუალო და გრძელვადიანი ინიციატივები. ძალიან ინტენსიური და ამბიციური თანამშრომლობის დღის წესრიგი გვაქვს და გვახარებს ის ფაქტი, რომ აზიის განვითარების ბანკი ჩვენს გვერდით იქნება. პროექტები, რომლებსაც ერთად ვახორციელებთ, ნამდვილად ცვლის ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებას", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.