თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ დღეს უმაღლესი განათლების დონე არ არის დამაკმაყოფილებელი, მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სახელმწიფოს, ქვეყნის, ხალხის ინტერესებშია ამ ვითარების შეცვლა, ანუ რეფორმის გატარება - ირაკლი კობახიძე
თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ დღეს უმაღლესი განათლების დონე არ არის დამაკმაყოფილებელი, მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სახელმწიფოს, ქვეყნის, ხალხის ინტერესებშია ამ ვითარების შეცვლა, ანუ რეფორმის გატარება, სხვა აზრი მე არ მომისმენია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, არათუ რამე არ უნდა დასუსტდეს, ან დააკლდეს უმაღლესი განათლების სისტემას, პირიქით, რაც არის, ის უნდა გაძლიერდეს.
„მემგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ რადიკალურად არის გასაუმჯობესებელი განათლების დონე. კონკრეტული გზავნილები მოვისმინეთ, ერთი, ალბათ საკმარისად ნათლად არ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა სპეციალობების გადანაწილებასთან დაკავშირებით. გამოშიგვნაზე იყო საუბარი და არც ერთი უნივერსიტეტის გამოშიგვნა არ არის გათვალისწინებული ამ კონცეფციით. პირიქით, როცა საუბარია განსაკუთრებით ორ ძირითად კერაზე, ვამბობთ, რომ ორივე ქალაქში, თბილისში და ქუთაისში უკლებლივ ყველა სპეციალობა უნდა ისწავლებოდეს, რასაც ზოგადად ფარავს უმაღლესი განათლების სისტემა და უფრო მეტიც, რაც დღეს სუსტად არის წარმოდგენილი, უნდა გაძლიერდეს. მაგალითად, კიდევ ერთხელ ავიღოთ ტექნიკური მიმართულებები, ტექნიკური მეცნიერებები, ტექნოლოგიები, რაც არის თვისებრივად გასაძლიერებელი. არათუ რამე არ უნდა დასუსტდეს, ან დააკლდეს უმაღლესი განათლების სისტემას, პირიქით, რაც არის, ის უნდა გაძლიერდეს. ეს არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს - ირაკლი კობახიძე
26.11.2025.17:45
საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, რომ უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს ერთობლივად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, დაფინანსების სისტემა არის დასახვეწი.
„არის ძალიან უხეში სისტემა - წლების განმავლობაში მოქმედებს საგრანტო დაფინანსების მოდელი ერთ სტუდენტზე 2250 ლარი, ეს თანხაც კი არ შეცვლილა, არც ინფლაციას მიჰყვება, არც არაფერს, არის უბრალოდ მოჭრილი უხეში დაფინანსება. ვფიქრობთ, ეს მიდგომაც უნდა გადაიხედოს, უნდა შეფასდეს, რა მიმართულებით რა საჭიროება არსებობს, მათ შორის კონკრეტული სპეციალობების კონკრეტული საჭიროებებიც უნდა განისაზღვროს. მაგალითად, ექიმის მომზადებას შეიძლება, დასჭირდეს მეტი თანხა, ვიდრე იურისტის მომზადებას, ამასაც კი არ ითვალისწინებს დღევანდელი მოდელი. ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და ეს საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, რომ უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს ერთობლივად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.