ცვლილება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მომხმარებლისთვის დამატებითი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება, მის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევის ყველა სივრცეში/არხში (სათავო ოფისი, ფილიალი, თვითმომსახურების კიოსკი, ვებ-გვერდი, აპლიკაცია და სხვა), მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას და ფორმით განათავსოს ან მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული პირის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
შესაბამისი ცვლილება „ცვლილება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში“ განხორციელდა. ცვლილება უზრუნველყოფს მომხმარებლის ინფორმირებულობის ზრდას და ამ გზით მათი ინტერესების დაცვას, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნის პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულების პროცესს. ცვლილება თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის ფარგლებში ვირტუალური აქტივის მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებასთან.
ამასთან, ეს იქნება დამატებითი მექანიზმი, რომელიც გაამარტივებს ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი სუბიექტების საქმიანობის ლეგიტიმურობის დადგენას.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი რეგულარულად ახორციელებს იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის გარეშე აწარმოებს ვირტუალური აქტივის მომსახურებას და შეცდომაში შეყავს მომხმარებელი. აღნიშნულის თაობაზე, ეროვნულმა ბანკმა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდა მოქალაქეებს, არ ისარგებლონ არარეგისტრირებული სუბიექტის ვირტუალური აქტივის მომსახურებით.
რეგულირების წესში ცვლილება 2026 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
„დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ბრენდულ არყებს Stolichnaya, Nemiroff, Black Sea, Filandia, Talka, Koskenkorva Vodka,
Parliament და Gray Goose ამზადებდნენ
17.01.2026.14:11
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.
„ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის- „Stolichnaya“, „Nemiroff“, „Black Sea“, „Filandia“, „Talka“, „Koskenkorva Vodka“, „Parliament“ და „Gray Goose“ -საერთო ჯამში 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.