წნორი–ლაგოდეხის გზის პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზის წნორი–ლაგოდეხის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
საპროექტო მონაკვეთი იწყება ქალაქ წნორში, მიუყვება თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის გზას და გვერდს უვლის სოფელ ჩადუნიანს, ვარდისუბანს, ცოდნისკარს, განათლებასა და ქალაქ ლაგოდეხს. გზა სრულდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან.
მონაკვეთის საერთო სიგრძე 40.4 კილომეტრია და 2-ზოლიანი იქნება. პროექტი ორ მონაკვეთად დაიყოფა და მოიცავს: წნორი–ლაგოდეხის 30.9 კმ-იან მონაკვეთს და ლაგოდეხის 9.5 კმ-იან შემოვლით გზას.
საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში გათვალისწინებულია წნორი–ლაგოდეხის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი საავტორო ზედამხედველობის მომსახურების გაწევა. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადა 18 თვეს შეადგენს.
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები არაუგვიანეს 2026 წლის 17 თებერვლის, 18:00 საათისა უნდა წარადგინონ.
ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე იხილეთ ბმულზე: https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1768901921
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
სხვა სიახლეები
სებ-ის ახალი წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა - ნინო ჯელაძე
10.03.2026.18:10
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერებასთან დაკავშირებულ ახალ წესზე ისაუბრა.
ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი შეიმუშავა, რომელიც სტაბილქოინის პირველად შეთავაზებას აწესრიგებს. რეგულაცია მიზნად ისახავს როგორც არსებული რეგულაციების შეფასებას, ისე სამომავლო რისკების განსაზღვრას, რაც მათ შორის ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და მომხმარებლების უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს.
„ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერების მიმართულებით. ამ მიზნით შემუშავდა სტაბილური ვირტუალური აქტივების ე.წ. სტაბილქოინის პირველადი შეთავაზების წესი. უპირველეს ყოვლისა, წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება ახალი წესის მნიშვნელოვან ასპექტებზე გაამახვილა. მისი თქმით, მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივები 100%-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სარეზერვო აქტივებით, რომლებიც მაღალ ლიკვიდურობასა და რეიტინგს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამასთან, გამოშვების პროცესი სრულად გამჭვირვალეა, რაც შეთავაზების დოკუმენტით იწყება და გარე აუდიტორების შემოწმებით გრძელდება, რათა საზოგადოებას ემიტენტების, რეზერვებისა და რისკების მართვის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდოს.
ნინო ჯელაძემ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. „რეგულირების პროცესში ეროვნული ბანკი ისეთ საერთაშორისო პრაქტიკებს დაეყრდნო, როგორებიცაა ევროკავშირის, ამერიკის, სინგაპურის და დიდი ბრიტანეთის შესაბამისი რეგულაციები ვირტუალური აქტივების სფეროში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვირტუალური აქტივების რეგულირების და საზედამხედველო ჩარჩოს გაძლიერების მიზნით, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, - აცხადებს ნინო ჯელაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს სტაბილური ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას.