ცესკოს წარმომადგენელმა ადამიანური განზომილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანმა ელენე ბობოხიძემ ვარშავაში მიმდინარე ადამიანური განზომილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ეუთოს ორგანიზებით, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მხარდაჭერითა და ფინეთის თავმჯდომარეობით იმართება.
ელენე ბობოხიძე სიტყვით გამოვიდა სესიაზე, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებსა და გამჭვირვალობას ეხებოდა. მოხსენებაში მან 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შესახებ ისაუბრა, ხაზი გაუსვა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით.
წლევანდელი ფორუმი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ჰელსინკის საბოლოო აქტის მიღების 50-ე საიუბილეო თარიღს უკავშირდება. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის საკითხებს, მიმდინარე ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე ჰელსინკის აქტის პრინციპების მნიშვნელობას საერთო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარებისათვის.
კონფერენცია ვარშავაში 6-17 ოქტომბერს იმართება და წარმოადგენს პლატფორმას 57 მონაწილე სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისათვის
დღის ტოპ 10 სიახლე
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ჰედვაის აკადემიაში - დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით
სხვა სიახლეები
13.10.2025.20:23
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში სერბეთის ელჩთან ტატიანა პანაიოტოვიჩ - სვეტკოვიჩთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ენერგეტიკისა და სხვა სექტორებში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოზიტიურ შედეგებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას მოჰყვა როგორც სამოქალაქო ავიაციის, ისე ტურიზმის სექტორებში.
საუბარი შეეხო საქართველო - სერბეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ახლო მომავალში ჩატარების საკითხს, რომლის დროსაც განხილულ იქნება პრიორიტეტული ორმხრივი ეკონომიკური საკითხები. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ სერბეთის დელეგაცია მაღალი რანგით იქნება წარმოდგენილი.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.