წალკაში კარანტინი გამოცხადდა
მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. წალკა, თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორის მოკვლევით დადგინდა, რომ ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა.
„დაავადების გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები - ინფექციის კერის დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობა, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება და თავშესაფარში გადაყვანა.
მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ცოფის 3 შემთხვევა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა) ცრის.
ცოფის პრევენციისა და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ყოველწლიურად აცრან საკუთარი შინაური ბინადარი ცხოველები (ძაღლი, კატა) ცოფის საწინააღმდეგოდ; ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ერთხმად ადასტურებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და სრულად აღმოფხვრაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია - „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი
08.04.2026.17:52
„საქართველოს ფოსტაში" 2025 წელს წამგებიანი მიმართულებები უკვე შემოსავლის გენერირების ეტაპზე გადავიდა, - ამის შესახებ გიორგი ერაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მიმდინარე წელს კრედიტორული დავალიანება 5 მილიონი ლარით შემცირდა და მისი სრულად დაფარვა წლის ბოლომდე იგეგმება. გარდა ამისა, 2026 წელს საქართველოს ფოსტა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად ემზადება მოგებაზე გასასვლელად.
„ბოლო 7 თვის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები მიზნად ისახავდა საოპერაციო ეფექტურობის გაზრდას, ფინანსური სტაბილურობის აღდგენას და კომპანიის მდგრად განვითარებაზე გადასვლას. შუამავლური მოდელიდან ეტაპობრივად ბრუნდება ბიზნესპროცესები „საქართველოს ფოსტაში." 2025 წელს წამგებიანი მიმართულებები ამ ეტაპზე უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია. იგეგმება საერთაშორისო ლოგისტიკის განვითარება, ახალი ჰაბების და ხელმისაწვდომობის ხაზების გაფართოება. საქართველოს ფოსტის საჰაერო ტერმინალი აღდგენილია, გაფორმებულია ხელშეკრულებები ავიაკომპანიებთან, რამაც დაზოგა სატერმინალო მომსახურების გადასახადი და ასევე შეამცირა სატრანზიტო ვადები", - აღნიშნა „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა.
მისივე განმარტებით, „საქართველოს ფოსტის" ხარჯების ოპტიმიზაციის მიხედვით დაზოგილმა თანხამ, წლის ჭრილში, 23.4 მილიონი ლარი შეადგინოს.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა," რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია.