ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას გულისხმობს.
„ყველას კარგად ემახსოვრება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება თბილისში ტრამვაის დაბრუნების შესახებ. დღეს მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გულისხმობს დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას ე.წ. Design-Build მეთოდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ტრამვაის ხაზი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას, დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთიდან.
„ტრამვაის ხაზის მშენებლობის მიზანია, დიდი დიღმის მოსახლეობა მეტროპოლიტენთან დააკავშიროს, რის შედეგადაც, ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. აღნიშნული ტენდერი, გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, მოიცავს დეპოს მოწყობას. დეპო გათვლილი იქნება 10 (+1) ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო- საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ტენდერში, რომელიც დეკემბრის ბოლოს დასრულდება, ბევრი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის 36 თვე მიეცემა.
სხვა სიახლეები
23.10.2025.14:59
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით, სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემას წარმოადგენდა „მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შედეგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, სამთავრობო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსიტიტუტების წარმომადგენლები. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წაადგინა. მან დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი კომისიის როლსა და მნიშვნელობაზე:
„საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მარეგულირებელ კომისიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რეგულირებადი სექტორების განვითარებაში. განსაკუთრებით, ისეთ სექტორებში, სადაც ბუნებრივი მონოპოლიაა. სემეკს თავისი არსებობის მანძილზე, 28 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რომლებმაც განსაზღვრეს სექტორების განვითარების კურსი და რეგულირების მექანიზმების ეფექტიანობა.
მარეგულირებელი კომისიის მიზანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მიუკერძოებელი, სამართლიანი და დაბალანსებული რეგულირება კონკურენტული, საიმედო და უსაფრთხო გარემოს ფორმირების ხელშესაწყობად, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. სემეკი ზრუნავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების გრძელვადიან განვითარებაზე, ჩვენი საქმიანობა მიმართულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვისკენ, რაც უზრუნველყოფს როგორც რეგულირებადი სექტორების განვითარებას, ასევე მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვამდე“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა იმსჯელეს მიკროსმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებზე, განახლებადი ენერგიის წახალისებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის საკითხებზე, ასევე განიხილეს ახალი რეგულიციები და მათი გავლენა მომხმარებელზე.