ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას - გივი მიქანაძე
მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდება რეფორმის კონცეფციიდან და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე მომავალი სასწავლო წლისთვის მიღების პროცესი, - განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს, ხვალიდან მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი.
„ამ ჯგუფში უნივერსიტეტიდან იქნებიან მაქსიმალურად წარმოდგენილი. მიზანი იქნება მილევადი რეჟიმის ისე განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა, რომ საბოლოო ჯამში, ეს პროცესი იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც არის კონცეფციით განსაზღვრული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აკადემიური პერსონალის მოცემულობას. ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენ ვნახავთ, რა რესურსებია, რასთან მიმართებაში დაგვჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ თითოეული ის ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული და სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მიზანი, გარდა პროგრამების დადარებისა, ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზანი რჩება აკადემიური პერსონალის შენარჩუნება და ამ რესურსების სწორად გადანაწილება. თითოეული ადამიანის მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება.
ამასთან, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა, მომდევნო აკადემიური წლისთვის სხვა დისციპლინებზე მიღება აღარ გამოცხადდება.
სხვა სიახლეები
საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გაიხსნა
06.03.2026.19:04
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას და ADB-ს ქვეყნისა და მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს აზიის განვითარების ბანკთან განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს, რასაც ძალიან ხელშესახები შედეგები მოაქვს. დიდი ხანია, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ყველაზე სანდო, მნიშვნელოვანი, განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო პარტნიორია და მისი საქმიანობა საქართველოში სრულად შეესაბამება ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებს. ვაფასებთ ბანკის წვლილს სხვადასხვა დარგის განვითარებაში. ბანკის მოქმედი საინვესტიციო პორტფელი 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, რაც მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას ხმარდება. მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკის მთელს გუნდს და საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლესლი ბეარმან ლაჰმს, რომლის პირადი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ განსაკუთრებულია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის მზარდ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ.
„ჩვენი პარტნიორობა მტკიცეა. აზიის განვითარების ბანკის კომიტეტმა ბოლო სხდომაზე 1 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის გამოყოფა განსაზღვრა საქართველოს კერძო და საჯარო სექტორების განვითარებისთვის, რაც ინვესტიციების გზით ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ერთად მივაღწიეთ წინსვლას მასშტაბური პროექტების მხარდაჭერით, მუნიციპალური სერვისების გაძლიერებით, დარგობრივი და ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობით და ხალხში ინვესტირებით. ბევრად ადრე, ვიდრე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას მივიღებდით, მიზნად დავისახეთ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენი პარტნიორობა ძლიერ საფუძველს ემყარება, რაც მოიცავს საერთო ფასეულობებს და ერთობლივ ძალისხმევას ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა მასატო კანდამ.
აზიის განვითარების ბანკს ახალი ოფისის გახსნა მიულოცა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ ADB-ის მხარდაჭერით ქვეყანაში არაერთი ტრანსფორმაციული პროექტი განხორციელდა.
„აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაბამისად იზრდება. მატულობს ბანკის საინვესტიციო პორტფელიც. მომდევნო წელს ჩვენი თანამშრომლობის 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და მთელ ამ პერიოდში აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის წამყვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. ტრანსფორმაციული პროექტები საქართველოში სწორედ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. ჯამში მათი მოცულობა 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში ინვესტიციებს. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. აზიის განვითარების ბანკთან გვაკავშირებს 2024-2028 წლების პარტნიორობის სტრატეგია, რომელშიც გაწერილია საქართველოს მთავრობის საშუალო და გრძელვადიანი ინიციატივები. ძალიან ინტენსიური და ამბიციური თანამშრომლობის დღის წესრიგი გვაქვს და გვახარებს ის ფაქტი, რომ აზიის განვითარების ბანკი ჩვენს გვერდით იქნება. პროექტები, რომლებსაც ერთად ვახორციელებთ, ნამდვილად ცვლის ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებას", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.