ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად და არატექნიკური მიმართულებები დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება - პრემიერი
შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გარდა ამისა, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომელიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.
„საკმაოდ ხანგრძლივი, საინტერესო და, რაც მთავარია, შედეგიანი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერა იმ რეფორმის მიმართ, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უნივერსიტეტი სრულად უჭერს მხარს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კონცეფციით გათვალისწინებულ ცვლილებებს, მათ შორის, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის თვისებრივი განახლების გეგმას, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპს, რეგიონებში უნივერსიტეტების გაძლიერების იდეას, არსებითად 3+1 სასწავლო პროგრამებზე გადასვლას, სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერებისა და საკადრო პოლიტიკის დახვეწის გეგმას, დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას. ამაზე გვქონდა საინტერესო დისკუსიები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხარდაჭერა რეფორმის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომელიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. ანუ, აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი, რაც შეეხება არატექნიკურმიმართულებებს, ისინი დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება. ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რაზეც შევჯერდით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს იყვნენ შეხვედრაზე, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, აკადემიურ პერსონალს და აკადემიური საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.
„ძალიან ღირებული იყო დისკუსიები, რომლებიც გაიმართა. შინაარსობრივად დატვირთული იყო ეს დისკუსია და მოხარულები ვართ, რომ შევჯერდით ერთიან გადაწყვეტილებაზე ყველაზე პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას - გივი მიქანაძე
09.02.2026.18:07
მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდება რეფორმის კონცეფციიდან და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე მომავალი სასწავლო წლისთვის მიღების პროცესი, - განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს, ხვალიდან მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი.
„ამ ჯგუფში უნივერსიტეტიდან იქნებიან მაქსიმალურად წარმოდგენილი. მიზანი იქნება მილევადი რეჟიმის ისე განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა, რომ საბოლოო ჯამში, ეს პროცესი იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც არის კონცეფციით განსაზღვრული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აკადემიური პერსონალის მოცემულობას. ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენ ვნახავთ, რა რესურსებია, რასთან მიმართებაში დაგვჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ თითოეული ის ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული და სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მიზანი, გარდა პროგრამების დადარებისა, ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზანი რჩება აკადემიური პერსონალის შენარჩუნება და ამ რესურსების სწორად გადანაწილება. თითოეული ადამიანის მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება.
ამასთან, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა, მომდევნო აკადემიური წლისთვის სხვა დისციპლინებზე მიღება აღარ გამოცხადდება.