ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყის ხანძრების რისკები იზრდება
ტემპერატურის მატება არა მხოლოდ საქართველოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეინიშნება, რასაც უკვე მოჰყვა ტყის ხანძარი თურქეთის ცენტრალურ ნაწილში. ესქიშეჰირის პროვინციაში ხანძრის ქრობისას 10 მეხანძრე დაიღუპა 14 კი დაშავდა. ტრაგედიის მიზეზი სტიქიის ზონაში ქარის მიმართულების ცვლილება გახდა, რის გამოც მეხანძრეებმა ტერიტორიიდან გამოსვლა ვერ შეძლეს.
ტემპერატურის მატება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის საქართველოშიც. ხანძრის მცირე კერებს უკვე ადგილი ჰქონდა, განსაკუთრებით ალპურ ზონებში, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და რეგიონების სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, დროულად იქნა ლიკვიდირებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაემორჩილონ დადგენილ აკრძალვებს.
შეგახსენებთ, რომ ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვება ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 - დან 500- ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.17:34
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო შეიქმნა.
საბჭოს შექმნის შესახებ ახალ დადგენილებას საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი უხელმძღვანელებს.
„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის საკითხებზე სისტემურ მუშაობას ისახავს მიზნად და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის არსებითი თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინაციას შეუწყობს ხელს.
საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონს, „ბავშვთა უფლებების კოდექსს“ ეფუძნება და საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად წარმართავს“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა.
საბჭოს მთავარი მიზანი ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა, საჭიროებების შეფასება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება, სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგი, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის წარდგენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის საკითხებზე საბჭო საკრებულოს წევრებისგან, მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან, საჭიროების შემთხვევაში კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტებისგან შედგება.