„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი ახალი სპეცმანქანებით შეივსება
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილია „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლება, დიდი ლილოს ნაგავსაყრელის მოდერნიზაცია და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტების განხორციელება.
დაგეგმილი პროექტების შესახებ დღეს ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა.
„თბილსერვის ჯგუფი“ არის სამსახური, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს და მუხლჩაუხრელად ემსახურება დედაქალაქს, რათა ის იყოს დასუფთავებული და მოწესრიგებული. 2026 წლის მარტამდე დაგეგმილია „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის 24 ერთეული ახალი სპეცმანქანით შევსება. ასევე, დაგეგმილია ქალაქში არსებული მოძველებული გარე განათების სანათების LED სანათებით ჩანაცვლება, რაც ელექტროენერგიის ხარჯის 55%-იან ეკონომიას მოგვცემს. გარდა ამისა, ბელიაშვილის ქუჩაზე არსებულ გადამტვირთ სადგურს სრული რეაბილიტაცია უტარდება, სამუშაოები მომდევნო წლის დასაწყისში დასრულდება. ამასთანავე, შემუშავდა თბილისის ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგია და 5-წლიანი სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისი თქმით, დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე მოეწყობა მასალების აღმდგენი და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტები, ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობა; მოხდება უჯრედების საბოლოო გადაფარვა და გაზშემკრები სისტემის მოწყობა.
რაც შეეხება გამგეობებს, ბენდელიანის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით 10 რაიონის გამგეობაა, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ მოსახლეობასთან კომუნიკაციას.
„ათივე გამგეობის მიერ უდიდესი მოცულობის სამუშაოებია ჩატარებული გასული რვა წლის განმავლობაში. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც გვაქვს ამბიციური გეგმები. კერძოდ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტები ქალაქის ბიუჯეტიდან 250 000 000 ლარით დაფინანსდება; მოეწყობა გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლები; შიდა რაიონულ გზებზე მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელები და საკანალიზაციო სისტემები. გარდა ამისა, თბილისის მასშტაბით, 10-ვე რაიონში იგეგმება სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა/რეაბილიტაცია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
სხვა სიახლეები
05.09.2025.14:41
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC ) წევრებს შეხვდნენ.
მისიას საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით IMF-ის რეზიდენტი მრჩეველი სერდარ გუნერი და IMF-ის ექსპერტი ლინდა ვარ გურმი წარმოადგენენ.
მისიის ძირითადი მიზანი საბანკო ჯგუფის კონსოლიდირებული ზედამხედველობის პრინციპების, საბანკო ზედამხედველობის პროცესისთვის კონსოლიდირებული ზედამხედველობის მნიშვნელობისა და შესაძლო თანმდევი გამოწვევების განხილვაა.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობა, მათ შორის, საბანკო ჯგუფების კონსოლიდირების ჭრილში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. კერძოდ, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტისა და ევროკავშირის სტანდარტები და მიდგომები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს შემდგომი განვითარებისთვის.
საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით IMF-ის მისიის წევრები ასევე შეხვდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტისა და სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის საკითხზე 2017 წლიდან ამახვილებს ყურადღებას. დღეს ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან ქართული ბანკები აგრძელებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპერირებას და ტრანსსასაზღვრო საქმიანობის დივერსიფიკაციას.
ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სსფ-ს ტექნიკური დახმარებისთვის (TA) მიმართა. ტექნიკური დახმარების მიზანია საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება.