თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-11 მინისტერიალი გაიმართა
„ჩვენ ვქმნით ენერგეტიკული თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ, მომავალზე ორიენტირებულ ჩარჩოს როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ეს არის სიმბოლო, თუ როგორ შეუძლია სტრატეგიულ პარტნიორობასა და სექტორულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობას" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მე-11 მინისტერიალზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის, „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის" შეთანხმების ფარგლებში, თბილისი მასპინძლობს. მინისტერიალში, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდენ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიზანი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მინისტრის განცხადებით, მინისტერიალი ოთხი პარტნიორი ქვეყნის საერთო ხედვის - დაკავშირებული, მდგრადი და ენერგეტიკულად უსაფრთხო მომავლის შექმნის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
„ეს პროექტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობით - ის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და გრძელვადიანი მდგრადობის საფუძველია, რომელიც შექმნის ახალ, სუფთა ენერგიის გადაცემის მარშრუტს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის, რაც მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის გზით ურთიერთგამაძლიერებელი იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით და, ასევე, გააძლიერებს რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ფართო ევროპისთვის" - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მე-11 მინისტერიალზე მხარეებმა წყალქვეშა კაბელისა და მწვანე კორიდორის პროექტების სამომავლო კოორდინაციის საკითხები, ასევე შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ერთობლივი საწარმოს საქმიანობის ანგარიში განიხილეს. ღონისძიების ფარგლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, ზვიად გაჩეჩილაძემ წარადგინა პრეზენტაცია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პროგრესის შესახებ და ისაუბრა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მიმზიდველი და განხორციელებადია. აღინიშნა, რომ პროექტი შეტანილია ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების გაერთიანების (ENTSO-E) 10 წლიანი განვითარების გეგმაში და ასევე ევროკომისიაში საერთო მნიშვნელობის პროექტების (PMI) წინასწარ შერჩეულ სიაში.
თბილისის მინისტერიალს აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
UNEA-7-ის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი კენიის რესპუბლიკის ინვესტიციების, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრ ლი კინიანჯუის შეხვდა
11.12.2025.15:27
გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და კენიის რესპუბლიკის ინვესტიციების, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრმა ლი კინიანჯუიმ შეხვედრაზე ორი ქვეყნის აგროსავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო ჰაბზე და ხაზი გაუსვა ქვეყნის მზარდ მნიშვნელობას რეგიონული სავაჭრო დერეფნის განვითარებაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს ბიზნესის კეთების გამარტივებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პოტენციალზე. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოში აგრარული სექტორის განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგები, მათ შორის წარმოების და ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების გაფართოება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ახალ შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც.
„კენია მოუთმენლად ელის ქართველი და კენიელი მეწარმეების თანამშრომლობის გაღრმავებას. გვჯერა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაფართოვდება. ველით ერთობლივ მუშაობას ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის, ბიზნესურთიერთობების გაღრმავებისა და კულტურული გაცვლების სტიმულირების მიზნით”, - განაცხადა კენიის რესპუბლიკის ინვესტიციების, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრმა.
შეხვედრაზე მხარეებმა მზაობა გამოთქვეს, გააღრმაონ თანამშრომლობა, განიხილონ საერთო პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიაში და აფრიკის კავშირში მუდმივი წარმომადგენელი გია მაჭარაძე ესწრებოდა.