თბილისში 13-15 ნოემბერს IV საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა" გაიმართება
კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, 2025 წლის 13-15 ნოემბერს, თბილისში გაიმართება.
კონფერენცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ადასტურებს ქვეყნის მზარდ როლს, რეგიონის მასშტაბით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის ფორმირების პროცესში. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, ბიზნეს სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ხუთი მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირის მონაწილეობით, სპეციალური პანელი ჩატარდება, სადაც სექტორულ ჭრილში, საქართველოში - კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები, მიღწევები და გამოწვევები იქნება წარმოდგენილი.
კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, დაგეგმილია 7 სესია და 3 საერთაშორისო პანელური დისკუსია, სადაც მონაწილეები შემდეგ ძირითად თემებზე იმსჯელებენ: კონკურენციის პოლიტიკის როლი ეკონომიკის რეგულირებულ სექტორებში; მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის თანამედროვე მიდგომები; მომხმარებლის უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში; კონცენტრაციების კონტროლი თანამედროვე გლობალური დღის წესრიგის კონტექსტში; ინოვაციასა და რეგულირებას შორის ბალანსი; ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებაში და ა.შ.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა კოლეგა უწყებებს შორის, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას და სისტემური თანამშრომლობის განვითარებას.
საერთაშორისო კონფერენცია 2022 წლიდან იმართება. გასულ წელს გამართულ კონფერენციას 12 ქვეყნის დელეგაცია, 50-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი და 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების (ICN, UNCTAD, OECD, The EU DG COMP, The EU DG JUSTICE) ჩართულობით, გაიმართა 6 სამუშაო სესია და 2 საერთაშორისო პანელური დისკუსია.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.ccc.gov.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
29.07.2025.17:30
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქეთევან ქარენაშვილმა და ქეთევან სობონმა ავსტრალიის ფედერალური არჩევნების შესახებ ვიზიტორთა ვირტუალურ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.
ონლაინ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განხილული იყო ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცედურები, ასევე, საარჩევნო ადმინისტრირების ძირითადი მიმართულებები ავსტრალიის მაგალითზე. ავსტრალიის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
მიღწევებს შორის ხაზი გაესვა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ელექტრონული სიების გამოყენებას და მონაცემთა ციფრული გადაცემის სისტემის დანერგვას.
შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს იმის შესახებაც თუ რა მექანიზმების გამოყენებით ებრძვის ავსტრალიის საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო საკითხების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, როგორც ტრადიციულ ასევე სოციალურ მედიაში.
სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია პრეფერენციული ხმის მიცემის სისტემის შესახებ. აღნიშნული საკითხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასახელდა, ვინაიდან ეს პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და შესაბამისად, ხმების დათვლას უფრო გრძელვადიანს და ტექნიკურად რთულ პროცესად ხდის.
აღნიშნულიდან გამომდინარე 2025 წლის 3 მაისს გამართული არჩევნების საბოლოო შედეგები ავსტრალიის საარჩევნო ადმინისტრაციამ 12 ივნისს გამოაცხადა.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მსგავს პროგრამებში მონაწილეობა, რაც ხელს უწყობს როგორც საარჩევნო პროცესების, ისე ადმინისტრაციული მმართველობის უწყვეტ განვითარებას. ამას გარდა, ვირტუალურ ვიზიტორთა პროგრამებში მონაწილეობა საშუალებას აძლევს ადმინისტრაციას, მუდმივად იყოს ჩართული გლობალურ დისკუსიებში და გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკას.
მსგავს პროგრამებში მონაწილეობა ქმნის შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციამ წარადგინოს საკუთარი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა, რითაც ის განაგრძობს საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი აქტიური და პროფესიული იმიჯის გამყარებას.
ამასთანავე, ამგვარი ინტერაქცია და ცოდნის გაცვლა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საარჩევნო პროცესის მუდმივ დახვეწას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ვიზიტორთა ვირტუალური პროგრამა, რომელშიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ავსტრალიის საარჩევნო ადმინისტრაციის (AEC) მოწვევით მიიღეს მონაწილეობა, 29 ივლისს გაიმართა.
პროგრამა 2025 წლის 3 მაისს გამართული არჩევნების გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.