„თბილისობის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მიმდინარეობის პერიოდში, 19 სექტემბრის 12:00 საათიდან 22 სექტემბრის 12:00 საათამდე, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან კოხტა ხეთაგუროვისა და გურამ საღარაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
აღნიშნულ პერიოდში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისკენ და უკუმიმართულებით, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დარჩება უცვლელი, არსებული მდგომარეობის შესაბამისად. ამასთან, შოთა გამცემლიძის ქუჩიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რა დროსაც, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ნინო ჩხეიძის ქუჩის გამოყენებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N323, N333, N359, N395 და მიკროავტობუსები: N462, N522 და N536 ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით, რის შემდეგაც ბარათაშვილის ხიდით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებისას, ანალოგიურად გამოიყენებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს და დაუკავშირდებიან ჯავახიშვილის ქუჩას, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
სხვა სიახლეები
18.09.2025.15:40
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ უამინდობის გამო 22-23 სექტემბერს გაიმართება. ულამაზესი საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი. წელს, ფესტივალ „განდაგანას“ ფარგლებში მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები. წელს, პირველად ფესტივალზე სტუმრის სტატუსით წარმოდგენილი იქნება სვანური და მეგრული სამზარეულოც. გარდა კულინარიული მასტერკლასებისა, ასევე დაგეგმილია ქარგვის მასტერკლასები, სადაც მონაწილეები აჭარული ნაქარგობის შესრულებას შეეცდებიან.
ულამაზესი დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცეც, რომელსაც გასული წლის მსგავსად „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე მოაწყობს. აღნიშნულ სივრცეში შთამბეჭდავი დეკორაციებით წარმოჩენილი იქნება აჭარული ყოფა, რაც მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც 200-მდე ადგილობრივი და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები, სოფლის ნობათი და კერძები იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ. მათ შორის იქნება ზვიად ბოლქვაძე ორკესტრთან და ბენდთან ერთად, „ურსა“, „ბანი“ და „გორდელა“. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.