თბილისის საკრებულოში სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
თბილისის საკრებულოში სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულ გუნდებსა და 14 მონაწილე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებს შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიებას საკრებულოს წევრები, მერიის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, მსგავსი ტურნირები აჩვენებს, რამდენად ძლიერი, მოაზროვნე და აქტიურია ახალგაზრდობა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისის საკრებულოში ვმასპინძლობთ სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის დაჯილდოების ცერემონიას. ეს ტურნირი ნათლად აჩვენებს, რამდენად ძლიერი, მოაზროვნე და აქტიურია ჩვენი ახალგაზრდობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივამ გააერთიანა თბილისის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები და ასზე მეტი ახალგაზრდა ჩართო ცოდნაზე, ანალიტიკურ აზროვნებასა და გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებულ კონკურენციაში. მჯერა, დღევანდელი გამოცდილება იქნება თქვენი შემდგომი წარმატებების მყარი საფუძველი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული უნივერსიტეტები დააჯილდოვეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ ქარსელაძემ, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე მუკათარიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა და ტურნირის ორგანიზატორებმა.
ტურნირში, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდა, მონაწილეობა მიიღეს თბილისის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ერთმანეთს ცოდნასა და გუნდურ მუშაობაში გაუწიეს კონკურენცია. ინიციატივამ ჯამში 100-ზე მეტი ახალგაზრდა გააერთიანა.
ტურნირის მიზანია ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავება, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარება და არგუმენტირებული დისკუსიის კულტურის დამკვიდრება.
პროექტი თბილისის საკრებულოსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით, დედაქალაქის მერიისა და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მხარდაჭერით და სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით განხორციელდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
60 წელს ზევით მომხმარებელთა შესაძლო თაღლითური სქემებისგან დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს
14.04.2026.18:07
მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომხმარებლისთვის შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს.
კერძოდ, ცვლილება შედის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის - 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან.
განახლებული რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს ისეთ დამატებით მოთხოვნებს, რომლის მიხედვით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 60 წელს გადაცილებულ მომხმარებელთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს.
ცვლილებების მიხედვით, შესაძლო თაღლითური ქმედების შედეგად ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულების პრევენციის მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმებში, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის.
კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე. რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები - თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება.
რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება დაუკავშირდეს მომხმარებელს, მოახდინოს მისი ინფორმირება მომხმარებლის მიერ ინფორმაციის უკეთ გაანალიზების ხელშეწყობის მიზნით, რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს.
აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე სებ-ის მიერ შემუშავებული ახალი წესი სექტემბრიდან ამოქმედდება და მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება.
აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის სეგმენტის უფლებების დაცვა, ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს ფინანსურ სექტორში არსებული გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის, ფინანსურ სექტორში ნდობის, სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.
ეროვნული ბანკი სამომავლოდაც განაგრძობს თაღლითობის რისკების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, მოახდენს ეფექტიან რეაგირებას.