თბილისის საკრებულოს წევრებმა UCLG-ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში, გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) ყოველწლიური ფორუმი გაიმართა, რომელშიც დედაქალაქის საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო პლატფორმაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ UCLG-ის დელეგაციის წევრი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) დელეგაციის წევრი, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი გიორგი ხუროძე.
ფორუმი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს და მიზნად გლობალურ და ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებას, თანამედროვე გამოწვევებზე ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბებასა და პარტნიორული ქსელების გაფართოებას ისახავს.
ღონისძიების ფარგლებში არაერთი პლენარული სხდომა და თემატური დისკუსია გაიმართა, სადაც ყურადღება ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებებსა და თანამედროვე ურბანული პოლიტიკის პრიორიტეტებს დაეთმო.
მონაწილეებმა ის სისტემური გამოწვევები განიხილეს, რომლებიც სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოში ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების წინაშე დგას.
საკრებულოს წევრები სამუშაო სესიებსა და დისკუსიებში აქტიურად ჩაერთნენ და ეფექტიანი მუნიციპალური მართვის ინსტრუმენტები, მდგრადი ურბანული განვითარების პრაქტიკული მიდგომები და ევროპულ ინსტიტუციურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები კოლეგებთან ერთად განიხილეს.
ფორუმის დროს განსაკუთრებული ყურადღება ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ქალების მონაწილეობის გაზრდას, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზაციასა და ქალაქებსა და რეგიონებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებას დაეთმო.
გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) ყოველწლიური ფორუმი დღეს დასრულდა.
სხვა სიახლეები
ეროვნული სატყეო სააგენტო უახლოეს პერიოდში 401 ტყის მცველისა და დამატებით 100 სპეციალისტის აყვანას გეგმავს
14.04.2026.12:00
ეროვნული სატყეო სააგენტო უახლოეს პერიოდში 401 ტყის მცველისა და დამატებით დაახლოებით 100 სპეციალისტის აყვანას გეგმავს, პარალელურად კი დეგრადირებული ტყის ფართობების აღდგენაზე მუშაობას აგრძელებს,- ამის შესახებ სააგენტოს წარმომადგენელმა, დათა კობახიძე განაცხადა. მისი თქმით, აღდგენის პროექტები მზადდება როგორც შიდა რესურსით, ისე შესყიდვების გზით ჩართული კომპანიების მონაწილეობით.
„თანამშრომლების რაოდენობის ზრდა ძალიან მალე იქნება, ანუ საბოლოო ეტაპზეა და უკვე ძალიან მალე იქნება შესაძლებელი 401 თანამშრომლის დამატება ტყის მცველების კუთხით. თუმცა გარდა ამ 401 თანამშრომლისა, დაახლოებით 100 ადამიანამდე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბუნებრივი რესურსების კუთხით სპეციალისტები, მეტყევეები და ასე შემდეგ, მათი დამატებაც იგეგმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე აქტუალური საკითხია. და აღდგენის კუთხით ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ასე ვთქვათ, ვავლენთ, ვაიდენტიფიცირებთ იმ დეგრადირებულ ფართობებს, შედეგად შესაბამისი აღდგენის გეგმები მზადდება, პროექტი მზადდება. პროექტზე ზოგიერთ შემთხვევაში შიდა რესურსით მიმდინარეობს მუშაობა, ზოგიერთ შემთხვევაში მიმდინარეობს ასე ვთქვათ შესყიდვის ფარგლებში და შესაბამისი კომპანიები, დაინტერესებული მხარეები მონაწილეობას იღებენ ამ აღდგენის პროექტებში“, - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.