თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების მძღოლების პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს | ანაზღაურება 3 600-დან 5 000 ლარამდეა
თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების მძღოლის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს.
როგორც დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ ან „E“ კატეგორია.
„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიებთან დაკავშირებით და ვისაც სურვილი გაქვთ, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა. საკითხი ეხება ავტობუსის მძღოლებს. ავტობუსების ახალი პარტია ძალიან მალე დაიწყებს მოძრობას თბილისის ქუჩებში. მძღოლის საშუალო გამომუშავებული ანაზღაურება განსხვავდება ავტობუსების სიგრძის მიხედვით და მერყეობს 3 600-დან 5 000 ლარის ფარგლებში (დარიცხული). დასაქმებული პირები ასევე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით.
კონკურსში მონაწილე დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ კატეგორია, ხოლო 18-მეტრიანი ავტობუსის შემთხვევაში „E“ კატეგორია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. ისინი ასევე გაივლიან დამატებით გადამზადებას და პროფესიულ სწავლებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დაინტერესებულმა პირებმა განაცხადით (რეზიუმე, მოთხოვნილი დოკუმენტაცია) უნდა მიმართონ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მისამართზე: სადგურის მოედანი №2.
კახა კალაძემ მსურველებს აქტიურობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მძღოლების მხრიდან დაინტერესება იქნება.
მისივე ინფორმაციით, ავტობაზები განლაგებულია ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, ე.წ. გლდანის ხიდებთან, დიდ დიღომში და სამგორის რაიონში.
სხვა სიახლეები
05.09.2025.14:41
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC ) წევრებს შეხვდნენ.
მისიას საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით IMF-ის რეზიდენტი მრჩეველი სერდარ გუნერი და IMF-ის ექსპერტი ლინდა ვარ გურმი წარმოადგენენ.
მისიის ძირითადი მიზანი საბანკო ჯგუფის კონსოლიდირებული ზედამხედველობის პრინციპების, საბანკო ზედამხედველობის პროცესისთვის კონსოლიდირებული ზედამხედველობის მნიშვნელობისა და შესაძლო თანმდევი გამოწვევების განხილვაა.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობა, მათ შორის, საბანკო ჯგუფების კონსოლიდირების ჭრილში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. კერძოდ, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტისა და ევროკავშირის სტანდარტები და მიდგომები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს შემდგომი განვითარებისთვის.
საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით IMF-ის მისიის წევრები ასევე შეხვდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტისა და სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის საკითხზე 2017 წლიდან ამახვილებს ყურადღებას. დღეს ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან ქართული ბანკები აგრძელებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპერირებას და ტრანსსასაზღვრო საქმიანობის დივერსიფიკაციას.
ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სსფ-ს ტექნიკური დახმარებისთვის (TA) მიმართა. ტექნიკური დახმარების მიზანია საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება.