თბილისის მერია მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ტენდერებს გამოაცხადებს - კახა კალაძე
მუნიციპალიტეტის მერია დედაქალაქში არსებული მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ტენდერებს გამოაცხადებს, რადგან ადგილობრივ კომპანიებს მსგავსი ტიპის სამუშაოების საწარმოებლად, შესაბამისი გამოცდილება არ აქვთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და რამდენიმე მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი.
„ყოველთვის ვცდილობ, ღიად ვისაუბრო წარმატებულ პროექტებზე და იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომლებიც გვაქვს. მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დაკავშირებით გუშინ ამომწურავად მქონდა ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას მივაწოდე. რაც შეეხება „გურამიშვილს“ და სხვა მეტროსადგურებს, რომლებიც ცუდ მდგომარეობაშია და განახლებას საჭიროებენ, იცით, რომ ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ კონკრეტულ პროექტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ პროტოკოლით, რომელიც ამ კონკრეტულ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს გააჩნიათ და გარკვეულ დროს საჭიროებს. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია. მთავარი მიზეზი არის ის, რომ სამწუხაროდ, ჩვენ, ქვეყნის შიგნით არ გვყავს არც შესაბამისი ექსპერტები და არც კომპანიები, რომლებიც მეტროსადგურების რეაბილიტაციის სამუშაოებს ჩაატარებენ. ამიტომ, გვინდა, რომ საერთაშორისო ტენდერები გამოცხადდეს, რათა უცხოურმა კომპანიებმა მიიღონ პროცესში მონაწილეობა - ისეთებმა, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ, ვისაც უწარმოებია მსგავსი ტიპის სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტს ბელარუსული კომპანია დაასრულებს, რომელსაც ამ მიმართულებით, დიდი გამოცდილება გააჩნია.
„მეტრსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტზე მოგვიწია, ბელარუსიიდან ექსპერტების აყვანა და შესაბამისი კომპანიის დაქირავება იმისთვის, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ იყოს. ეს არის კომპანია, რომელსაც პოსტსაბჭოთა პერიოდში, ფაქტობრივად, მეტროსადგურების დაპროექტება, სამუშაოების შესრულება აქვს ნაწარმოები. ბელარუსიის მეტრო ამ კომპანიის გაკეთებულია. იცით, რომ ამავე პერიოდშია გაკეთებული თბილისის მეტროსადგურები და ზოგადად, მეტროს პროექტი. შესაბამისად, ისევ ამ სივრციდან მოგვიწია კომპანიის დაქირავება, ვინც დეტალურად იცის საკითხი. მოვიძიეთ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველგან მსგავსი იყო მეტროსადგურები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.19:15
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.
„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.
კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.