თბილისის მერი „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ჩართულ ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, დღეისთვის, თბილისის მერიის პროგრამას 11 ორგანიზაცია ემსახურება და საერთო ჯამში, 2 400 ბავშვი და მოზარდი უწყვეტ რეჟიმში იღებს შესაბამის მომსახურებას.
„დღეს 2 აპრილია - აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე და წელს ამ დღის დევიზია - „ჩვენი განსხვავებულობა გვაერთიანებს“. ამ მიმართულებით, ცნობადობის ამაღლება და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მუნიციპალიტეტი, ისევე, როგორც სხვა არაერთი მიმართულებით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღნიშნულ საკითხს - გვაქვს შესაბამისი პროგრამა. თბილისის მერიამ, აღნიშნული პრობლემის წინაშე მდგარი ოჯახებისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და მასში 325 ბავშვი იყო ჩართული, დღეისთვის კი, მერიის პროგრამით, 2 400 ბავშვი და მოზარდი უწყვეტ რეჟიმში იღებს მომსახურებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა, რომ აბილიტაციის პროცესში რეჟიმის უწყვეტობა მნიშვნელოვანია, რადგან თერაპიის წყვეტის შემთხვევაში, ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო.
„როდესაც პროგრამა არ არსებობდა, ოჯახები, მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, უწყვეტად ვერ ახერხებდნენ თავიანთი შვილებისთვის სერვისის მიღებას, რაც ძალიან დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, ამ პროგრამით უამრავ ადამიანს, ოჯახს ვეხმარებით. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ყოველთვის გვერდით დავუდგებით და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ ადამიანებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, თბილისის მერიას 2025 წლის ბიუჯეტში პროგრამისთვის 11 245 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.
„პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარზე მორგებული ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი სეანსები ფინანსდება. დღეისთვის, თბილისის მერიის პროგრამას 11 ორგანიზაცია ემსახურება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, იმ ბავშვებისა და ახალგაზრდების თანადგომისთვის, რომლებიც ამ პროგრამაში მონაწილეობენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას მონიტორინგი და სპეციალური სადგურების დამონტაჟება მიმდინარეობს
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
16.05.2025.14:02
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კახეთის რეგიონული ტექნოპარკების ორგანიზებით, წინანდალში, ინოვაციური სასკოლო კონკურსის Tech Sparks-ის დემო დღე გაიმართა. კონკურსი 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ახმეტის, თელავისა და გურჯაანის ტექნოპარკებში. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEAM განათლების პოპულარიზაცია.
კონკურსში მონაწილეობას იღებდა კახეთის რეგიონის 32 საჯარო სკოლა. გუნდებმა ჟიურის წინაშე წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი სტარტაპ პროექტები განათლების სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ.
გამოვლინდა 2025 წლის ინოვაციური და ტექნოლოგიური სკოლა - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლა. გამარჯვებულ გუნდს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ საჩუქრად გადასცა 3D პრინტერი, ხოლო თითოეულმა მუნიციპალიტეტმა რჩეულ გუნდებს სიმბოლური პრიზები უსახსოვრა.