„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველო საერთაშორისო ფინანსურ სამიტს უმასპინძლებს
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოში წელს პირველად მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება „თბილისის ფინანსური სამიტი“ გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივად ორგანიზებულ სამიტზე, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ფინტექ ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები.
სამიტი ორი დღის განმავლობაში, 22-23 ოქტომბერს ჩატარდება. სამიტის ფარგლებში სხვადასხვა სესიები და პანელური დისკუსიები გაიმართება.
„თბილისის ფინანსური სამიტის“ მთავარი თემა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარება იქნება.
ასევე დაგეგმილია ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლების ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები.
„თბილისის ფინანსური სამიტი“ GFTN-ის ღონისძიებების სერიის შემადგენელი ნაწილია, რომლის მასპინძლად GFTN-მა საქართველო აირჩია. შედეგად, საქართველო სწორედ ამ ქსელის ნაწილი ხდება. სამიტი კი ერთგვარი პლატფორმაა ქვეყნის სტრატეგიული მიზნისკენ მიმავალ გზაზე - საქართველო იქცეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მთავარ რგოლად. GFTN-ის ქსელი სათავეს იღებს სინგაპურში და აერთიანებს მრავალწლიან წარმატებას, რაც შემდგომში განვითარდა აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
"თბილისის ფინანსურ სამიტზე" მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია.
დღის ტოპ 10 სიახლე
18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება
სხვა სიახლეები
18.09.2025.12:26
დედაქალაქში MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადის პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელ გიორგი შარკოვთან და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროს ნინო ბაგაშვილთან ერთად წარუდგინა.
როგორც მერმა აღნიშნა, 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება.
„დღეს ძალიან სასიამოვნო დღეა ჩვენი ქალაქისთვის, რადგან ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება. 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც გასულ წელს შევისყიდეთ, უკვე თბილისშია და მზადაა, დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახუროს. ძალიან მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოვახერხეთ, სრულად ჩაგვენაცვლებინა ავტოპარკი ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით. 27 სექტემბრიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაიწყებს ხაზებზე გასვლას და მოემსახურება ჩვენს თანაქალაქელებს, გამოთავისუფლებული 10-მეტრიანი და 12-მეტრიანი ავტობუსები კი სხვადასხვა ხაზზე გადანაწილდება.
რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, რათა თითოეულ უბანს, რაიონს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს თანამედროვბე ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით. ეს პროცესი ამით არ მთავრდება - ქალაქი ვითარდება, წინ მიდის, იზრდება, ახალი პროექტები ხორციელდება. შესაბამისად, ყოველთვის საჭიროა, ჩვენც თანხვედრაში ვიყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით. დღესდღეობით ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საცობებია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული გავხადოთ. სწორედ ამიტომ, შესაბამისი კვლევების შედეგების გათვალისწინებით, სადაც შესაძლებელია, ყველგან ვაწყობთ საავტობუსო ზოლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
MAN-ის მარკის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.
კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას. ავტობუსები დაბალიატაკიანია და აქვს ოთხი ასასვლელი კარი.
ამ ეტაპისთვის, 76 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გადანაწილებულია რამდენიმე მარშრუტზე, ხოლო დარჩენილი რაოდენობა ეტაპობრივად ჩაანაცვლებს სხვადასხვა ტევადობის ავტობუსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 111.1 მლნ ევროს შეადგენს.
კახა კალაძესთან ერთად ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.