თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდესი შესაძლებლობაა, საქართველომ გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე - მარიამ ქვრივიშვილი
„დასრულებულია მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები, რათა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლოს 73 ქვეყნიდან ჩამოსულ 2300-ზე მეტ ძალიან მაღალი რანგის სტუმარს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში თბილისში მნიშვნელოვანი ფორუმი ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრები, ვიცე-პრემიერები და მინისტრები, აგრეთვე წამყვანი კორპორაციების ხელმძღვანელები," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარების ადგილების დათვალიერებისა და ფორუმის სამზადისის გაცნობის შემდეგ.
22-23 ოქტომბერს თბილისში აბრეშუმის გზის ტრადიციული ფორუმი ჩატარდება, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, იმართება. გახსნითი ცერემონია თბილისის ოპერის თეატრში მოეწყობა. სულ 7 თემატური პანელური დისკუსია გაიმართება და მასში რეგიონის ქვეყნების წამყვანი პოლიტიკური ლიდერები და ბიზნეს კორპორაციების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პანელური დისკუსიებისას საქართველოს კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, საერთაშორისო არეალზე ღირსეულად წარადგინოს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მაგისტრალური გზების მშენებლობა და კიდევ ბევრი პროექტი, რომლებიც უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას შუა დერეფანში.
მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ფორუმზე ისეთი მაღალი რანგის ბიზნეს ლიდერის ჩამოსვლას, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული ჯგუფის „ემაარის" დამფუძნებელი მუჰამედ ალი ალაბარი, რომლის კომპანია „იგლ ჰილსი" საქართველოში 6,5 მლრდ დოლარის ჯამური ინვესტიციის დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მუჰამედ ალი ალაბარს ფორუმის ფარგლებში ექნება პირადი ინტერვიუ, რომლის დროსაც საზოგადოება მეტს შეიტყობს აღნიშნული საინვესტიციო პროექტის შესახებ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განვლილ ათწლიან პერიოდში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმად ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის წარმართვისთვის. „ამასთან, ფორუმი არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე და ღირსეულად წარადგინოს ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელთაც ყოველწლიურად შედეგების სახით ვხედავთ," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
21.10.2025.16:58
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა UPU - ს გენერალური დირექტორის მოადგილე მარიან ოსვალდი.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ორგანიზაციის წარმომადგენლობის გახსნა UPU-ის მხრიდან ასახავს ჩვენი ქვეყნის ნდობას და აღიარებას მუდმივი ერთგულებისთვის რეგიონული თანამშრომლობისა და საფოსტო სექტორში მდგრადი პროგრესის მიმართ.
თამარ იოსელიანის განცხადებით, 1993 წელს მსოფლიო საფოსტო კავშირში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ორგანიზაციის აქტიური წევრია, გარდა ამისა, ქვეყანა ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს საფოსტო სფეროში და მონაწილეობს UPU - ს ეგიდით განხორციელებულ ყველა მნიშვნელოვან პროექტში. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მესამედ არჩევა საფოსტო ოპერაციების საბჭოს წევრად 2026 – 2029 წლების ვადით, რაც ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს თანამშრომლობა UPU - სთან ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების და სერვისების დანერგვას, გაააქტიურებს სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს და დამატებით სტიმულს მისცემს კერძო სექტორს მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელონ საფოსტო სფეროში.
პრეზენტაციას ასევე დაესწრო საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე.