თავისუფლების მოედანზე არსებული წრიული მოძრაობის სქემა შეიცვლება - Ramboll-ის რეკომენდაცია
თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა მოამზადა თავისუფლების მოედანზე არსებული წრიული მოძრაობის სქემა იცვლება.
დოკუმენტის მიხედვით, ეს პროექტი თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის ადამიანზე მორგებულ ადგილად გადაქცევას ისახავს მიზნად.
„თავისუფლების მოედანზე არსებული წრიული მოძრაობის სქემა შეიცვლება ჩვეულებრივი ორმხრივი ქუჩებით ველობილიკებით კიდებზე და ნაკადების საკონტროლო შუქნიშნებით, და ბევრად უსაფრთხო ქვეითთა გადასასვლელებით. მოედნის ცენტრალური ნაწილი მთლიანად დაეთმობა ადამიანებს. ეს მოიცავს მეტ მოსასვენებელ ადგილს, მწვანე სივრცეს და უკეთეს ქუჩის განათებას. რუსთაველის გამზირზე არსებული ჩქაროსნული არტერია თანამედროვე საერთაშორისო ქალაქზე მორგებულ გამზირად გადაიქცევა. უმეტეს გზაჯვარედინზე უზრუნველყოფილი იქნება შუქნიშნები და ქუჩის დონის გადასასვლელები. დიზაინი ასევე მოიცავს ველოსიპედისა და ავტობუსის ზოლებს. ორივე დიზაინი ამჟამინდელი სქემით შესაბამისობაშია თბილისის სატრანსპორტო გეგმის ხედვასა და მიზნებთან, ისევე როგორც ქუჩის დიზაინის სახელმძღვანელო პრინციპებთან“,- ნათქვამია დოკუმენტში.

80-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის საჭირო. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
პლასტიკის ნარჩენების პრევენცია - მვო “ჯორჯია ფლასის” სამუშაო შეხვედრა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თემაზე
20.02.2026.16:38
(Basel Convention Regional Project)
საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებელთა გაერთიანება მვო „ჯორჯია ფლასი” ნარჩენების მართვის თემაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობს, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. დასრულდა რეგიონული მნიშვნელობის პროექტის - „პლასტიკის ნარჩენების პრევენცია - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი პლასტიკის ნარჩენების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად” ("Plastic Waste Prevention - Extended Producer Responsibility as an Effective Tool to Reduce the Negative Environmental Impact of Plastic Waste" Regional Project) განხორციელების ეტაპი, სადაც 3 ქვეყანა - საქართველო, მოლდოვა და ბელარუსი იღებდა მონაწილეობას.
რეგიონული პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარეობდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბაზელის კონვენციის სამდივნოსთან ერთად. ეროვნულ დონეზე პროექტის განმახორციელებლი საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებელთა გაერთიანება მვო „ჯორჯია ფლასია”.
პროექტი ბაზელის კონვენციის ფარგლებში დაარსებული სპეციალური დახმარების ფონდის მიერ დაფინანსდა, რომელიც მხარს უჭერს კონკრეტული გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორში.

კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა” და მვო „ჯორჯია ფლასის“ ინიციატივით, თბილისში მყარი ნარჩენების მორფოლოგიური კვლევა ჩატარდა, რომელიც ზემოთ ნახსენები რეგიონული პროექტის პრაქტიკული გაგრძელებაა. ეს კვლევა გვაძლევს იმ ზუსტ მონაცემებს, რომელიც საიმედო წინაპირობაა, ქვეყანაში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების მიზნით სათანადო ინვესტიციების მოზიდვისა და გადამუშავების სექტორის განვითარებისთვის.
„ნარჩენების შემადგენლობა და რეციკლირების შესაძლებლობები საქართველოში - ქალაქ თბილისის მაგალითზე“ ამ სახელწოდების კვლევის შედეგები Factory Tbilisi-ში სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს, სადაც ისაუბრეს პლასტიკის ნარჩენების მართვის გამოწვევებზე. სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორი კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” და საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებელთა გაერთიანება „ჯორჯია ფლასი” იყო. მასშტაბური კვლევა/პროექტი საერთაშორისო პარტნიორობით, საინვესტიციო ბანკ “DEG Impulse gGmbH” -თან თანამშრომლობით ხორციელდება.
კვლევის ფარგლებში თბილისში შერჩეული რაიონებიდან 4 ტონამდე მყარი მუნიციპალური ნარჩენი შეგროვდა და მათი მორფოლოგიური კვლევა განხორციელდა თბილისის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. კვლევის მიზანია დადგინდეს პლასტიკის წილი საერთო ნარჩენების ნაკადში, მისი სტრუქტურა და გადამუშავების პოტენციალი. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია პროგნოზირება, წარმოქმნილი პლასტმასის ნარჩენის მასის მომავალი 10 წლის განმავლობაში და რა ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები იქნება საჭირო სრულფასოვანი შეგროვებისა და გადამუშავების (რეციკლირების) სისტემის შექმნისთვის.
კვლევა ასევე ითვალისწინებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) პრინციპით პლასტმასის 100%-იანი შეგროვების შესაძლებლობის შეფასებას. ამ კონტექსტში განისაზღვრება ე.წ. „ბოთლიყლაპია“ აპარატების საჭირო რაოდენობა საქართველოს მასშტაბით და მომზადდება PET-ის გადამამუშავებელი საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.
პროექტი ასევე მიმოიხილავს არსებულ საკანონმდებლო ბაზას და შეაფასებს ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტურობას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia) პატრონაჟით განხორციელებული პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციებისა და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა” და “ჯორჯია ფლასის” მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების გათვალისიწინებით, ქვეყანას ეძლევა საშუალება განსაზღვროს საჭირო ინვესტიციების რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფდა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ხარჯეფექტური სქემების დანერგვას, რაც გულისხმობს პლასტიკის ნარჩენების სრულ ამოღებას გარემოდან, მათ რეციკლირებას და ისევ საწარმოო პროცესში დაბრუნებას.