ტავ ჯორჯია საქართველოში საქმანობის 20 წელს აღნიშნავს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტავ ჯორჯიას საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილე აღინიშნა. ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიპლომატიური კორპუსი, ავიაციის სექტორი, TAV Airports-ისა და Groupe ADP-ის წარმომადგენლები და ტავ ჯორჯიას პარტნიორი ბიზნეს-წრეები ესწრებოდნენ. საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, TAV Airports-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი, TAV Airports-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ მერეიდე, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი კაან ორბაი და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ოლივიე კურტო. ღონისძიებას ესწრებიან მაღალი რანგის პირები Groupe ADP-დან.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია ტავ ჯორჯიამ საქმიანობის 20 წლის განმავლობაში ქვეყნის ორი საერთაშორისო კარიბჭის აშენებასა და განვითარებაში 230 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 500 მლნ ლარამდე სახელმწიფო გადასახადის სახით გადაიხადა. კომპანიას დღესდღეობით 1800-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, რაც საქართველოს საავიაციო სფეროსთვის უზარმაზარ ადამიანურ კაპიტალს წარმოადგენს. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში ტავ ჯორჯია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ რეიტინგის ათეულშია. ის საერთაშორისო საავიაციო ჰოლდინგის, TAV Airports-ის შვილობილი კომპანიაა. თავისმხრივ TAV Airports-ის საკონტროლო პაკეტი კი ფრანგულ საავიაციო გიგანტს, Groupe ADP-ის ეკუთვნის.
„20 წლის წინ, როცა ტავ ჯორჯიამ საქართველოში საქმიანობა დაიწყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტს წლიურად მხოლოდ 500 ათასი მგზავრი ჰყავდა, ბათუმს კი 30 000. წლევანდელი მონაცემებით ეს რიცხვი თბილისში 5,3 მილიონს გადააჭარბებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი 1,2 მილიონს. ვფიქრობ, ციფრები ყველაზე კარგად გამოხატავენ იმ პროგრესს, რასაც კომპანიამ ამ 20 წლის განმავლობაში მიაღწია და ამ საქმეში აუცილებლად ხაზგასასმელია პარტნიორებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის ფაქტორი და ჩვენი გუნდის წევრების როლი“ - აცხადებს ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.
“ვხედავთ, თუ როგორ იზრდება წლიდან წლამდე მგზავრთნაკადი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, ამიტომ კომპანია მუშაობს გაფართოების პროექტებზე და მაგალითისთვის, მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას სთავაზობს სახელმწიფოს. ეს თანხა მოხმარდება არსებული ტერმინალის გაფართოვებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და გამტარუნარიანობის გაორმაგებას.” - აღნიშნა TAV Airports-ის პრეზიდენტმა სერქან კაპტანმა.
„ჩვენ Groupe ADP-ის წევრი ვართ, უმსხვილესი გლობალური აქტორის აეროპორტების მართვის მიმართულებით. ეს ჩვენ შესაძკებლობას გვაძლევს რომ შევქმნათ სინერგია და გავიზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, რომელიც უკავშირდება ინოვაციებს და ხარისხის მაღალ სტანდარტს. ჩვენ გვაქვს წვდომა 300-ზე მეტი ავიაკომპანიის მონაცემთა ბაზებზე. ჩვენი გუნდის წევრები მონაწილეობენ ტურიზმისა და ავიაციის ყველა მსხვილ საერთაშორისო ღონისძიებაში და წარადგენენ საქართველოს, როგორც მიმზიდველ დანიშნულების ადგილს. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვართ ორიენტირებულნი საქართველოს აეროპორტების განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე“ - აცხადებს TAV Airports-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ მერეიდე.
ტავ ჯორჯია TAV Airports-ის პირველი საერთაშორისო პროექტი იყო, რომელიც თურქეთის საზღვრებს გარეთ განხორციელდა. სწორედ თბილისსა და ბათუმში დაიწყო კომპანიის გლობალური ისტორიის ახალი თავი. მას შემდეგ TAV Airports-ი რეგიონულ და საერთაშორისო მასშტაბში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. დღეს TAV Airports-ი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ აეროპორტშია წარმოდგენილი. კომპანიისთვის გადამწყვეტი ეტაპი კი 2012 წელს იყო, როდესაც ფრანგულმა საავიაციო გიგანტმა Groupe ADP-მა TAV Airports-ის აქციები შეიძინა და საბოლოოდ 2017 წელს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.09.2025.14:16
დღეს 15:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგია დანიშნული.