თამარ იოსელიანმა ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის და ეთნომუსიკოლოგის თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრში ცნობილი ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის და საქართველოში პირველი ქალი ეთნომუსიკოლოგის თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაცია გაიმართა. მარკები, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით გაეშვა მიმოქცევაში, „საქართველოს ფოსტამ“ დაამზადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანის განცხადებით, ანზორ ერქომაიშვილისა და თამარ მამალაძის მარკების გამოცემა არის მადლიერების გამოხატვა ამ ორი ღვაწლმოსილი ადამიანის მიმართ, რომლებმაც შეუფასებელი წვლილი შეიტანეს საქართველოს კულტურის, განსაკუთრებით, ფოლკლორის განვითარებაში.
„საფოსტო მარკას არ აქვს მხოლოდ საფოსტო საგადახდო და ფილატელისტური დანიშნულება, ის ქვეყნის ისტორიის, კულტურის და მიღწევების შესახებ პატარა ფორმატში მოქცეული დიდი ამბავია. ანზორ ერქომაიშვილი იყო ადამიანი, რომელმაც ქართული ფოლკლორი მსოფლიო კულტურის ღირსეულ ნაწილად აქცია. თამარ მამალაძე პირველი ქართველი ეთნომუსიკოლოგი ქალია, რომლის საქმიანობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული ფოლკლორული მემკვიდრეობის განვითარებაში,“ - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს და თამარ მამალაძის შთამომავლებს საფოსტო მარკების პირველი ეგზემპლარები გადასცა.
ქართული საფოსტო მარკები მიმოქცევაშია 2026 წლის იანვრიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში.
სხვა სიახლეები
ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი, ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თსუ-ში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
30.04.2026.17:13
ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი, ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თსუ-ში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე ბექა დოჭვირმა დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ს დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით სებ-ის საკოლექციო მონეტის გამოშვება ოფიციალურად დააანონსა.
„გვჯერა, რომ ახალი საკოლექციო მონეტის გამოშვება ივანე ჯავახიშვილის მდიდარი მემკვიდრეობის წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში მცირე წვლილს შეიტანს. ეს მონეტა იქცევა იმ ინტელექტუალური და სამეცნიერო პროგრესის სიმბოლოდ, რომელსაც ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა საფუძველი“, - აღნიშნა ბექა დოჭვირმა.
მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკი ლარის შემოღებიდან დღემდე არაერთ საკოლექციო მონეტას გამოსცემს, რაც ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს ასახავს, მათ შორის - სახელმწიფოებრიობის 3 000 წლის იუბილეს, დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს, პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წელს, „საქართველოს მეფეების“ სერიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესა და ლარის მიმოქცევაში შესვლის 30 წელს.
ბექა დოჭვირის თქმით, ასეთი პროექტები ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ღონისძიება თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და იუბილეს მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ივანე ჯავახიშვილის მიერ ქართული მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში შეტანილ ფუნდამენტურ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.