სუს-მა თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოავლინა პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ.
მისივე თქმით, მუქარის შეტყობინებების ავტორები ძირითადად იყენებდნენ ვირტუალურ ქსელებს, IP მისამართების დაფარვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხმის შემცვლელ პროგრამებს.
„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ცრუ შეტყობინებების გავრცელების შემთხვევებმა იმატა. მათ შორის, სახელმწიფო უწყებების ელექტრონული ფოსტის მისამართებზე სხვადასხვა ქალაქში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლებსა თუ ორგანიზაციებში შესაძლო აფეთქების განხორციელების ან/და ბომბის არსებობის შესახებ არაერთი მუქარის შემცველი ანონიმური შეტყობინება შევიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულია 2006 წელს დაბადებული პირი, რომელიც თავადაც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. სხვა რამდენიმე პირის მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები - მათგან ამოღებული ელექტრონული მოწყობილობების შესწავლა, რის შემდეგაც მათ მიმართაც ინდივიდუალურად, შესაბამისი სტანდარტის არსებობისას გატარდება სამართლებრივი ღონისძიებები.
მუქარის შეტყობინებების ავტორები ძირითადად იყენებდნენ ვირტუალურ ქსელებს, IP მისამართების დაფარვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხმის შემცვლელ პროგრამებს.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები, პერსონალური კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი სხვა მოწყობილობები.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად ინფორმაციის წარმომავლობისა და შინაარსისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ყველა შეტყობინებაზე დამოუკიდებლად განხორციელდა უსაფრთხოების მიზნით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაშიც კომპლექსურად მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. არცერთ შემთხვევაში ფაქტი არ დადასტურებულა.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე გააჩნია შესაბამისი თანამედროვე ტექნიკური საშუალებები ზემოთ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის. ამიტომ, ვაფრთხილებთ ყველას, თითოეულ მსგავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯს მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, - აღნიშნა მაღრაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
უწყვეტი ინოვაცია და 20 წლიანი გამოცდილება ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე – „ვანილა ივენთის“ ისტორია
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა საფრანგეთის ბიზნეს გაერთიანების დელეგაციას შეხვდა
25.02.2026.13:25
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საფრანგეთის ბიზნეს გაერთიანების (MEDEF) დელეგაციას შეხვდა. დელეგაციაში წარმოდგენილი იყო 20-მდე მსხვილი ფრანგული ბიზნეს ჯგუფი და კომპანია, რომლებიც პროექტებს ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში.
შეხვედრაზე ნათია თურნავამ დელეგაციას ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ეკონომიკური პროგნოზებისა და ფინანსური სტაბილურობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
აღინიშნა, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია. გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები კარგად არის მართული და ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2026 წელს ინფლაცია მიზნობრივ 3-პროცენტიან დონეს დაუახლოვდება.
ნათია თურნავამ სტუმრებს საქართველოს საბანკო სექტორის მდგომარეობაზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სექტორში ჯანსაღი ვითარება ნარჩუნდება. ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე საქართველოს ეროვნული ბანკი ინარჩუნებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების გონივრულ პოლიტიკას, რის შედეგადაც რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა.
ასევე აღინიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა ძლიერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინტექის განვითარების მიმართულებებსაც
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო აფასებს საფრანგეთთან ხანგრძლივ ურთიერთობას და ფრანგი ინვესტორების ნდობას ქვეყნის მიმართ.
სებ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე, ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით უტიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.