სუს-მა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
28.05.2025.18:27
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 28 მაისის 23:00 სთ-დან 29 მაისის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 29 მაისის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.