სუს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
„კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ამზადებდა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბ პირადობის დამადასტურებელ და მართვის მოწმობებს. იგი აღნიშნულ დოკუმენტებს საზღვარგარეთ მყოფ დამკვეთებთან და შუამავალ პირებთან ფოსტით აგზავნიდა.
კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით დასაბეჭდი პლასტიკური ბარათი, ასევე უცხო ქვეყნებში გასაგზავნად გამზადებული ყალბი მართვის მოწმობები, მობილური ტელეფონები. ამასთან, საქართველოს ფოსტიდან ამოღებულია საზღვარგარეთ დაჩქარებულად გასაგზავნი ყალბი დოკუმენტები.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსმა აბელ აბესაძემ გეოლოგებს პროფესიული დღე მიულოცა
05.04.2026.12:08
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსმა აბელ აბესაძემ გეოლოგებს პროფესიული დღე მიულოცა და სააგენტოში დასაქმებულ სპეციალისტებს წიაღის სექტორის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, გეოლოგია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რომელიც მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს, სიღრმისეულ ცოდნასა და დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას.
„მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო გამოირჩევა დარგის მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით. ბევრმა მათგანმა წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გეოლოგიური კვლევების განვითარებაში, ფონდური მასალის შენარჩუნებაში, ახალი რესურსების აღმოჩენასა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის შესწავლაში. მათი ყოველდღიური საქმიანობა ქმნის მყარ საფუძველს გარემოს დაცვის, ეკონომიკური განვითარებისა და მომავალი თაობებისთვის რესურსების შენარჩუნების საქმეში“,- განაცხადა აბელ აბესაძემ.
სააგენტოს უფროსმა, მოადგილეებთან ერთად, დარგის სპეციალისტებს სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები გადასცა.
გეოლოგის დღე საქართველოში აპრილის პირველ კვირას - 1966 წლიდან აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური სამუშაოები ჯერ კიდევ 1850-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც სამთამადნო მრეწველობის წარმომადგენლები პირველ სისტემურ კვლევებს ატარებდნენ.