სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილედ ეკატერინე დგებუაძე დაინიშნა
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილედ ეკატერინე დგებუაძე დაინიშნა. ახალი მოადგილე თანამშრომლებს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა წარუდგინა, წარმატება უსურვა და განათლების სისტემაში მის მრავალწლიან გამოცდილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკატერინე დგებუაძეს მრავალმხრივი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით ინკლუზიური მიმართულებით, რაც ფსიქო-სოციალური კუთხით უმნიშვნელოვანესია.
ეკატერინე დგებუაძემ ხაზი გაუსვა განათლების სისტემაში სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საპასუხისმგებლო როლს და აღნიშნა, რომ სამსახურის პრიორიტეტია, დაცული იყოს თითოეული მოსწავლის უფლება და სკოლებში არსებობდეს პოზიტიური გარემო.
ეკატერინე დგებუაძეს განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე ნორვეგიაში, ოსლოს სახელმწიფო უნივერსიტეტში - ის სპეციალური განათლების ფილოსოფიის მაგისტრია. სხვადასხვა ეტაპზე ეკავა მაღალი თანამდებობები განათლების სისტემაში: იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, დირექტორი „აღმოსავლეთ ევროპულ სკოლაში – თბილისი“, ასევე მუშაობდა USAID-ის ინკლუზიური განათლების მიმართულების დირექტორად „საბაზისო განათლების პროგრამის“ ფარგლებში. აქვს პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ეკატერინე დგებუაძე ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინკლუზიური განვითარების სამმართველოს, იყო პროექტის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ტრენინგებისა და შეხვედრების კოორდინატორი და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივების აქტიური მონაწილე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.07.2025.17:30
სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების სპეციალური კურსის შემუშავებაზე იმსჯელა უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ პირველ სხდომაზე, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძისა და მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
მინისტრმა კომისიის წევრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც საბაკალავრო საფეხურზე ქართული ენის სწავლების დაბრუნებას უკავშირდება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა.
მოხარული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვედით აქამდე და ახლა ვართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ბუნებრივ წიაღში - საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები ასევე გავრცელდება აფხაზურ ენაზე, რადგან კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულთან ერთად, აფხაზური სახელმწიფო ენად არის აღიარებული.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს პოლიტიკურ ხედვაზე - გაუფრთხილდეს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს აფხაზური ენის გაძლიერებას. ჩვენ, უნივერსიტეტებთან ერთად, აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მოხდეს ქართული ენის, როგორც საგნის ინტეგრირება სასწავლო პროცესში საბაკალავრო დონეზე და უზრუნველყოფილი იყოს მისი უმაღლესი სტანდარტით სწავლება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის გაძლიერებისა და საზღვარგარეთ ქართველოლოგიის ცენტრების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
კომისიის წევრებმა საბაკალავრო საფეხურზე ქართული ენის სწავლების კურსის შინაარსზე, ხანგრძლივობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
ქართული ენის უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულოდ სწავლების წესების შემუშავებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისია უნივერსიტეტებს კურსის სწავლების წესს აგვისტოს ბოლომდე შესთავაზებს. წესის დამტკიცების შემდეგ, 2025-2026 სასწავლო წლიდან ქართული ენის სპეციალური კურსი საბაკალავრო საფეხურზე შესაბამისი ფორმატით ისწავლება.
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტებისთვის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის ქართული ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო გახდა, პარლამენტმა 10 ივნისს დაამტკიცა.