სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და განვითარების შემთხვევაში, ინვესტორს მიწის ნაკვეთებს 20 წლის ვადით, იჯარით, აღნაგობის უფლებით გადავცემთ
ჩვენ ვაინიცირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციალურ პროგრამას, რომლის მიზანია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს შეეხება, როგორც საჯარო სკოლებთან არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით შეიძლება დაიტვირთოს.
„არაერთი ობიექტია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურა, სკოლებს აქვთ, მაგალითად სპორტული მოედნები, მათ შორის, 100-მეტრიანი სტანდარტული მოედნები, რომლებიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია. მარტო თბილისში არის 20 ასეთი სასკოლო სტადიონი, რომელთაც სჭირდებათ რეაბილიტაცია. გვინდა, ეს რესურსი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ. შესაბამისად, ვაანონსებთ ახალ პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ასევე ბავშვთა სპორტის განვითარებას. ეს შეეხება, როგორც საჯარო სკოლებთან არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით შეიძლება დაიტვირთოს.
პროგრამის არსია, რომ ინვესტიციის სანაცვლოდ, ანუ თუ თავის თავზე აიღებს ინვესტორი შესაბამისი სივრცის, მიწის ნაკვეთის რეაბილიტაციას და სპორტული ინფრასტუქტურის, სპორტული მოედნების მოწყობას, მათ 20 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადავცემთ იჯარით შესაბამის მიწის ნაკვეთებს. 10 წლის განმავლობაში ისინი გადაიხდიან იჯარის სიმბოლურ საფასურს და შემდეგი 10 წლის განმავლობაში - იჯარას საბაზრო ღირებულების შესაბამისად. რეალურად, 10 წელი ვათავისუფლებთ გადასახადისგან სწორედ ინვესტიციის სანაცვლოდ. ამ ყველაფერში მონაწილეობის საშუალება ექნება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელსაც ექნება წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტი და შესაბამისი საბანკო გარანტია", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც საქმე ეხება სასკოლო სივრცეს, სასწავლო პერიოდში, სკოლა, ბუნებრივია, ისარგებლებს საზღაურის გარეშე შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ინვესტორი ვალდებული იქნება, რომ სკოლას სასწავლო პერიოდში ინფრასტრუქტურა უფასოდ დაუთმოს.
„მოთხოვნა ძალიან დიდია ბავშვებში, განსაკუთრებით ფეხბურთის კუთხით არის ძალიან დიდი ინტერესი და მიწოდება ვერ პასუხობს მოთხოვნას. ჩვენ ვხარჯავთ სახელმწიფო რესურსებს ასეთი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ინვესტორები წავახალისოთ, რომ თავად დახარჯონ საკუთარი რესურსები და ამით შეგვიძლია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ინფრასტუქტურის განვითარებას, ბავშვთა სპორტის წახალისებას არამარტო ფეხბურთის სფეროში, რაგბი, სხვა მიმართულებითაც შეიძლება დაიტვირთოს ეს სივრცეები. ვფიქრობ, ეს იქნება მაქსიმალურად ეფექტიანი პროგრამა, რომელიც კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს. უახლოეს დღეებში დაანონსდება ეს პროგრამა და ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს შეეძლება მასში მონაწილეობა. ჩვენ შეგვიძლია, საქართველო ვაქციოთ ახალ ხორვატიად სპორტის კუთხით, პატარა ქვეყანა უმაღლესი სპორტული მიღწევებით. გვაქვს შესაბამისი ტალანტი და ვფიქრობ, რომ ამის მაქსიმალურად გამოყენება აუცილებელია. ეს მასობრივი პროგრამა, რომელსაც გთავაზობთ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
04.06.2025.16:35
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ალექსანდრე წულაძემ დელეგაციის წევრებთან აზერბაიჯანულენოვანი სახელმძღვანელოების გაუმჯობესების პროცესში ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტების ჩართულობის საკითხი განიხილა. აზერბაიჯანული მხარე აღნიშნულ ინიციატივას მიესალმა და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ანარ ისკანდაროვი, თავდაცვის, უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევი და ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე შაჰინ ისმაილოვი შედიან, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კამალ ხალილოვი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი რამიზ ჰაჯიზადა.