სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში კერძო სექტორი ძალიან აქტიურად ჩაერთო - ნინო ენუქიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყანაში მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის ხელშეწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის შეფასებით, პროგრამამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და მასში აქტიურად ჩაერთო კერძო სექტორი.
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ჩართულია სპორტის სამინისტრო, ასევე განათლების სამინისტრო იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამა შეიძლება შეეხოს სკოლებსაც და მათი სტადიონების რეაბილიტაციას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლისთვის როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე" - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.
მისივე განცხადებით, პროგრამის ფარგლებში ბევრი განაცხადი შევიდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში და მათ შორის, ერთ-ერთი პირველი არის ბავშვთა ქალაქ „მზიურის" მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს მიერ გადაცემულ მიწაზე დაიგეგმა ორი სტადიონის, ასევე პადელის მოედნების მშენებლობა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.
„სასიხარულოა, რომ ძალიან აქტიურად ხდება კერძო სექტორის მიერ ინფორმაციის გამოთხოვა, ბევრი ინტერესი ფიქსირდება კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან სწრაფად, დედაქალაქი და ქვეყნის თითოეული ქალაქი, სოფელი თუ დაბა მიიღებს შესაბამის, ახალ სპორტულ ინფრასტრუქტურას, რაც, პირველ რიგში, თოთოეული მოქალაქისთვის, მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ბავშვთა ქალაქ „მზიურის" მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სახელმწიფოსგან 11 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით შპს „სპორტის აკადემია 2025" -ს გადაეცა, რომელიც უეფას სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მინიმუმ ორი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. გადაცემულ ქონებაზე დაგეგმილია ღია და დახურული სტადიონის, პადელის მოედნების, ავტოსადგომისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტყეებს ბუნებრივი თვითაღდგენის უნარი აქვთ, თუმცა პროცესის დასაჩქარებლად ჩარევაც აუცილებელია - დათა კობახიძე
14.04.2026.08:55
საქართველოს ტყეებს ბუნებრივი თვითაღდგენის უნარი აქვთ, თუმცა პროცესის დასაჩქარებლად ადამიანის ჩარევაც აუცილებელია. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ტყის აღდგენა რეგიონების მიხედვით განსხვავდება და ზოგიერთ შემთხვევაში, პირიქით, ტყის გავრცელება საძოვრების ეკოსისტემებსაც კი ფარავს.
„აღდგენის კუთხით, თავად ტყეს, განსაკუთრებით საქართველოს ტყეებს, ახასიათებს თვითაღდგენის უნარი. ანუ, თუ არ გაგრძელდება არასწორი სარგებლობა და არ იქნება უკანონო, მასშტაბური ჩარევები, დროთა განმავლობაში ტყე ბუნებრივად ახდენს თვითაღდგენას.
თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ადამიანის ჩარევა და მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღდგენის პროცესის დაჩქარებაში.
აქვე მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს საკითხი ყველა რეგიონს არ ეხება. არსებობს რეგიონები, სადაც, პირიქით, გარკვეულ ტერიტორიებზე საძოვრების უნიკალური ეკოსისტემა იფარება, რადგან აღარ მიმდინარეობს ტრადიციული საქმიანობა და ტყე ფარავს ამ ფართობებს.
მით უმეტეს, კლიმატის ცვლილებისა და ტრადიციული საქმიანობის შემცირების ფონზე, ასევე სხვა ფაქტორების გავლენით, არსებობს რიგი რეგიონები, სადაც ეს პრობლემა მწვავედ არ დგას. თუმცა, გარკვეულ რეგიონებში, მათ შორის საკურორტო ზონებში, განსაკუთრებით იქ, სადაც უნდა იყოს დაცვითი ტყის სტატუსი, ასევე ზოგ შემთხვევაში ჭალის ტყის ეკოსისტემებში, ეს პროცესები მაინც შეინიშნება.
რაც შეეხება აღდგენას, ეს, რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში შედეგის მომტანი ვერ იქნება. თუმცა, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით, მათ შორის მონიტორინგის გაძლიერებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყის ინვენტარიზაციისა და მართვის გეგმების შემუშავების პროცესში, ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება შედეგის მიღწევა. სწორედ ამ გეგმებში განსაზღვრული ტერიტორიების აღდგენა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას.
საბოლოოდ, ამ პროცესების ერთობლიობა მოგვცემს შედეგს, თუმცა ამას დრო სჭირდება, ხშირ შემთხვევაში დაახლოებით 10 წელი, ზოგ შემთხვევაში კი სრულფასოვანი ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას შესაძლოა ათწლეულებიც კი, ან საუკუნეც დასჭირდეს,“ - აღნიშნა დათა კობახიძემ.