სპეციალური ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში 7 პრიორიტეტულ მდებარეობაში მუშაობდა - პაპუნა გამყრელიძე
„სტიქიის ზონაში აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ამ ეტაპისთვის, მობილიზებულია 85 ერთეული ტექნიკა. ეს არის მძიმე ტექნიკა, რომელიც, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად განსაზღვრულ, 7 პრიორიტეტულ მიმართულებაზეა გადანაწილებული. ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა მჟავე წყლების მიმართულებით გზის გაყვანა და მდინარის ფონის გადალახვა, რაც ამ დროისთვის უკვე მიღწეულია. შესაბამისად, ამ ადგილას, მაშველებთან, ერთად გადაყვანილია 3 ერთეული ტექნიკა და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები“- ამის შესახებ, რაჭის სტიქიის ზონიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაპუნა გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად მობილიზაცია გაუკეთა ექსაკავატორებს, ბულდოზერებს, თვითმცლელებს და ამწეებს. ეს ტექნიკა ეხმარება შესაბამის სამსახურებს რთულად გადასალახ ღვარცოფულ მასაში საძიებო და სამაშველო სამუშაოების წარმოებაში.
დღის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მუშაობდა როგორც შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარის კალაპოტში, ფონის გაგანიერების და გაწმენდის მიზნით. ასევე, სამუშაოებს ვაწარმოებდით მდინარე ბდღვიორაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული აღნიშნულ სტიქიურ მოვლენებთან. აქ სამუშაოები, მოსახლეობის თხოვნით, პრევენციის მიზნით დავიწყეთ,“-აღნიშნა პაპუნა გამყრელიძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა ჯუთას გზის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც და განმარტა, რომ ამ გზის ცალკეულ უბნებზე სისტემატიურად მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო 2022 წლის ბოლოს ჩატარდა პირველადი კვლევები.
„ამ ეტაპზე უკვე მომზადებულია ჯუთას გზის საპროექტო დოკუმენტაცია. 21 ივლისს სამშენებლო კომპანიას მიეცა დავალება, რომელსაც უკვე დაწყებული აქვს სამობილიზაციო სამუშაოები. უახლოეს დღეებში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესაბამისად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, უსაფრთხოების მიზნით, დაგეგმილი გვაქვს ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა“- აღნიშნა პაპუნა გამყრელიძემ.
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანმა Google-ის წარმომადგენლებთან საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესაძლებლობები განიხილა
24.10.2025.17:01
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი კორპორაცია Google-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში რეგიონულ პროგრამას „Build With AI for Public Sector" - ს ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის ცოდნის გაღრმავებას და მონაცემებზე დაფუძნებული მმართველობის განვითარებას.
შეხვედრაზე Google-ის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს გააცნეს რეგიონული პროგრამა, რომლის ფარგლებში, Google-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და შედეგიანობის გაუმჯობესების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ასევე განიხილეს ამ ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და რისკები.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს ციფრულ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას, ინოვაციების ხელშეწყობასა და გლობალურ დონეზე კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება. „ჩვენი მიზანია, საქართველოს ჩამოყალიბება რეგიონულ ციფრულ ჰაბად, რომელიც ევროპასა და აზიას მაღალი გამტარიანობის ოპტიკურ - ბოჭკოვანი ქსელებითა და ჰიპერ მასშტაბური მონაცემთა ცენტრებით დააკავშირებს," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, ციფრულ წიგნიერებაში ინვესტირების გაგრძელების, ინოვაციების ხელშეწყობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მმართველობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას და ხაზი გაუსვა დღევანდელი ღონისძიების მნიშვნელობას ამ მიმართულებებით.
Google-ის პროექტი ითვალისწინებს ღრუბლოვანი სისტემების, ხელოვნური ინტელექტის მოდულების, ონლაინ თაღლითობის წინააღმდეგ Google-ის დაცვის სისტემების შესაძლებლობებზე, მათ მნიშვნელობასა და გამოყენებაზე ცნობიერების ამაღლებას საჯარო მოხელეებისთვის. ასევე მოიცავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებასა და Google-ის გეოინტელექტის შესაძლებლობებს, რაც საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში დაეხმარება.