სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
პროფესიული უნარების სააგენტომ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ/შშმ) პირებისთვის, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დამატებითი მხარდამჭერი მექანიზმი შეიმუშავა, - ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.
„სსსმ აპლიკანტად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სხვადასხვა სახის სირთულეები (შემეცნებითი, სმენის, მხედველობის, ემოციური, ქცევითი, ფიზიკური და ა.შ.) და სწავლის პროცესში დამატებით დახმარებას საჭიროებს.
ახალი მხარდამჭერი სისტემის ფარგლებში, ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის სრულად ხელმისაწვდომია და რეგისტრაციის გავლა 1 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ონლაინ, ვებგვერდზე - https://vet.emis.ge შეეძლებათ.
პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ შემუშავებული მხარდამჭერი მექანიზმის მიხედვით, სსსმ აპლიკანტებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შერჩევის პროცესი პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე წარიმართება, რომელიც გულისხმობს აპლიკანტის მიერ პროგრამის შესაბამისი აქტივობების პრაქტიკულ შესრულებას მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პირობებში. მოსინჯვის მიზანია აპლიკანტის მიერ საკუთარ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ინტერესებში უკეთ გარკვევა და მისთვის საუკეთესო, ინფორმირებული პროფესიული არჩევანის გაკეთება.
ასევე, სსსმ/შშმ პროფესიული სტუდენტებისთვის, სახელმწიფოს მიერ, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა დამხმარე სერვისის უზრუნველსაყოფად, 1000 ლარიანი კვარტალური ვაუჩერი გამოიყოფა. ამასთანავე, საჭიროების შესაბამისად, სწავლების პროცესში, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და სასწავლო პროცესის ასისტენტები ჩაერთვებიან და თითოეული სტუდენტისთვის სწავლების ინდივიდუალური გეგმა შემუშავდება.
პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას აგრძელებს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას მაქსიმალურად უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
05.09.2025.14:41
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC ) წევრებს შეხვდნენ.
მისიას საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით IMF-ის რეზიდენტი მრჩეველი სერდარ გუნერი და IMF-ის ექსპერტი ლინდა ვარ გურმი წარმოადგენენ.
მისიის ძირითადი მიზანი საბანკო ჯგუფის კონსოლიდირებული ზედამხედველობის პრინციპების, საბანკო ზედამხედველობის პროცესისთვის კონსოლიდირებული ზედამხედველობის მნიშვნელობისა და შესაძლო თანმდევი გამოწვევების განხილვაა.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობა, მათ შორის, საბანკო ჯგუფების კონსოლიდირების ჭრილში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. კერძოდ, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტისა და ევროკავშირის სტანდარტები და მიდგომები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს შემდგომი განვითარებისთვის.
საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით IMF-ის მისიის წევრები ასევე შეხვდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტისა და სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის საკითხზე 2017 წლიდან ამახვილებს ყურადღებას. დღეს ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან ქართული ბანკები აგრძელებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპერირებას და ტრანსსასაზღვრო საქმიანობის დივერსიფიკაციას.
ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სსფ-ს ტექნიკური დახმარებისთვის (TA) მიმართა. ტექნიკური დახმარების მიზანია საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება.