სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მუდმივად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა, რომლებიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ვალიდურია - დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თბილისის ახალგახსნილ შენობაში სამუშაო პროცესს გაეცნო. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა მინისტრს ინფრასტრუქტურული და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების შედეგად გაუმჯობესებული სამუშაო პროცესი გააცნო.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ლაბორატორიული ქსელის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტი პროცესია.
„ლაბორატორიული ქსელის გაძლიერება მოიცავს არაერთ მიმართულებას, ესენია გამართული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნიკური და ტექნოლოგიური აღჭურვილობა; ლაბორატორიებში მუდმივად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა, რომლებიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ვალიდურია. ჩვენი ლაბორატორიის სპეციალისტები რეგულარულად გადიან სწავლებას საერთაშორისო პარტნიორ ლაბორატორიებში”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აგროწარმოების ყველა ეტაპზე დროული და ზუსტი დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახლად გახსნილ შენობაში დამატებით მოწყობილი სამუშაო სივრცეები მნიშვნელოვნად აძლიერებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით კვლევის შესაძლებლობებს.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დროული და ზუსტი დიაგნოსტირება არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აგროწარმოების ყველა ეტაპზე. ჩვენ გვაქვს მთავარი მიზანი, ჯანსაღი პროდუქციით უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ადგილობრივი ბაზარი და, ამავდროულად, ქართული პროდუქცია, საკუთარი მაღალი ხარისხით, გავხადოთ მოთხოვნადი საერთაშორისო ბაზრებზე”, - განაცხადა მინისტრმა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის ირაკლი გულედანის თქმით, გაძლიერებული შესაძლებლობები ხელს უწყობს ხარისხიან და ეფექტიან კვლევებს, რაც სოფლის მეურნეობის სექტორის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ირაკლი გულედანმა ასევე ხაზი გაუსვა ახალ ლაბორატორიულ სივრცეში პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირების ხარისხის შემოწმების განხორციელებას, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია გარემოსდაცვით პოლიტიკაში და ხელს უწყობს ე.წ. მწვანე სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვას.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში შედის თბილისის ცენტრალური, ორი ზონალური (ქუთაისსა და ახალციხეში) და 10 რეგიონული ლაბორატორია. ლაბორატორიებში ხორციელდება სურსათის, სასმელი წყლის კვლევა, ასევე, ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ფლობს ეროვნულ რეფერენს ლაბორატორიის სტატუსს. რის საფუძველზეც, ლაბორატორიას ეძლევა უფლებამოსილება, ჩაატაროს რეფერენტული გამოცდები სადაო საკვლევ ნიმუშებზე.
ლაბორატორია ფლობს ISO/IEC 17025:2017 აკრედიტაციას და კვლევებს ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.06.2025.17:05
12-13 ივნისს, სტეფანწმინდაში, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ, გაეროს განსახლების პროგრამის მხარდაჭერით (UN-Habitat), III საერთაშორისო ფორუმი გამართა. ფორმატი მთიანი დასახლებების პრობლემების გადაჭრის გზებზე ორიენტირებული დიალოგისთვის ახალი პლატფორმის შექმნას ემსახურებოდა. მონაწილეებს ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის, ინსტრუმენტებისა და მიდგომების გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.
ღონისძიება სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, ზურაბ წიკლაურმა გახსნა და ქვეყნის მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის სივრცითი და ურბანული დაგეგმვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლებები მოინახულეს და ორი დღის განმავლობაში, სამუშაო ფორმატში განიხილეს მთიანი დასახლებების მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკა. ფორუმს მოდერაციას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე თინათინ ყოლბაია უწევდა. ექსპერტებმა, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მაღალმთიან რეგიონებში სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების მნიშვნელობის და მეთოდოლოგიის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ალპების კონვენციის საზოგადოების ქვეყნების გამოცდილებაზე.
ორდღიანი სამუშაოების შემდეგ სამოქმედო ღონისძიებათა გეგმა გაიწერა. გეგმამ პოლიტიკის დოკუმენტის სახე მიიღო. ის კორექტირებისთვის მუნიციპალიტეტებს დაეგზავნათ. საბოლოო დოკუმენტი გაეროს განსახლების პროგრამის ვებგვერდზე (UN-Habitat) გამოქვეყნდება.
მთიანი დასახლებები კლიმატის ცვლილებისა და უპრეცედენტო ურბანიზაციის ეპოქაში ყველაზე მოწყვლად ტერიტორიებს მიეკუთვნებიან. მყინვარების დნობის, დეპოპულაციისა და მასობრივი ტურიზმის კომბინირებული ეფექტები საფრთხეს უქმნის მთიანი დასახლებების საცხოვრებლად ვარგისიანობას. სათანადო დაგეგმარება კი გადამწყვეტ როლს თამაშობს მთიანი დასახლებების სწორად განვითარებასა და ღირსებული საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებაში. ასევე, უზრუნველყოფს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას. სწორედ ამ მიზნით ჩატარდა საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა, ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს. ჩამოყალიბდა ახალი პლატფორმა მთიანი დასახლებების პრობლემების გადაჭრის გზებზე ორიენტირებული დიალოგისთვის.
ყაზბეგში გამართულ ორდღიან სამუშაო შეხვედრაში ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის და აკადემიური წრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.