სკოლის მოსწავლეებისთვის გამართული კონკურსის „ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარებული კონკურსის „ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
კონკურსი განხორციელდა პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში და მისი მთავარი მიზანი მოსწავლეებში ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობის გააზრება, ტყის სექტორთან დაკავშირებული გამოწვევების წარმოჩენა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო.
კონკურსში მონაწილეობდნენ IX–XII კლასის მოსწავლეები პროგრამის საპილოტე მუნიციპალიტეტებიდან: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, თიანეთი, თელავი, დედოფლისწყარო, ახმეტა და ყვარელი. მონაწილეებმა ინდივიდუალურად ან ჯგუფურად წარმოადგინეს კრეატიული პროექტების იდეები, რომლებიც შეეხებოდა ტყის მდგრად მართვას, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებს.
წარმოდგენილი ნამუშევრები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: კრეატიულობა და ინოვაციურობა, გარემოზე გავლენა, განხორციელების შესაძლებლობა და პრეზენტაციის ხარისხი. ასამდე წარმოდგენილი ნამუშევრიდან გამოვლინდა ათი საუკეთესო პროექტი.
კონკურსის გამარჯვებულებს 800-დან 1500 ლარის ოდენობის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. I ადგილზე დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები - ბარბარე ჩიტიშვილი და ნია კირაკოსიანი გავიდნენ; II ადგილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ასკანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ზურაბ ჯაველიძემ, ანა თურქაძემ და საბა ჭეიშვილი, III ადგილზე კი, ყვარლის მუნიციპალიტეტის შილდის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ნანა ზუბიტაშვილი, მარიამ უტურაშვილი, ლევან ტუსნიაშვილი და ნიკოლოზ პეტრუზაშვილი გავიდნენ. მეოთხედან მეათე ადგილების ჩათვლით მონაწილეებს 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში. მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს მათში პასუხისმგებლობის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ბუნების დაცვისადმი ღირებულებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელი მონაწილეები მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ტყის მდგრად მართვისა და გარემოს დაცვის საქმეში“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევადარიანმა.
სხვა სიახლეები
შემოსავლების სამსახურმა ბიზნესის წარმომადგენლებთან 2025 წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა
24.12.2025.14:00
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა 2025 წელს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და დაგეგმილი სიახლეების გაცნობის მიზნით, ბიზნესსექტორთან და დაინტერესებულ პირებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.
ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ.
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მიმდინარე წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და 2026 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე, ასევე საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებსა და ბიზნესთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
როგორც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ გამოსვლისას აღნიშნა, უწყების მიზანია გადასახადის გადამხდელებთან მოხდეს პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება, რაც გულისხმობს ნდობის მაღალ ხარისხს და მჭიდრო თანამშრომლობას.
,,თქვენი მოსაზრებები, შენიშვნები და კრიტიკული შეფასებები წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან საფუძველს, რომელზეც იგეგმება შემოსავლების სამსახურის შემდგომი ნაბიჯები. აღსანიშავია, რომ შემოსავლების სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგად, 2025 წლის 11 თვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი შესრულებულია 100%-ით და მობილიზებულმა გადასახადებმა 23 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ასევე, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესს 2025 წლის 11 თვეში დაუბრუნდა 2 მილიარდ ლარზე მეტი, რაც ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე დროული წვდომის საუკეთესო შესაძლებლობაა'', - განაცხადა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, ბიზნესასოციაციებისა და საფინანსო ინსიტუტების წარმომადგენლები, ასევე უწყების ხელმძღვანელის მოადგილეები, პაატა კილაძე, ირაკლი შარტავა, ლევან წითელაშვილი და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.