სინოპტიკოსების პროგნოზით, 30 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს
30 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ქ. თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, +1, დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს სამხრეთ - აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +7, +9, დღისით +16 +18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +15 +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +2, დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4, -6, დღისით +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 -5, დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4, დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან შესაძლებელია თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5 -7, დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლებელია თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -10, დღისით -2, +3 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და BIM Solutions Georgia შორის, BIM განათლების განვითარების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
26.01.2026.13:46
„BIM ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა უზრუნველყოფს განათლების პროცესის ჰარმონიზაციას საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ სტანდარტებთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშენებლო, საინჟინრო და არქიტექტურული დარგების სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში. პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს, სასწავლო პროცესში ინტეგრირდეს უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები და ინდუსტრიის რეალურ მოთხოვნებზე მორგებული ცოდნა“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, BIM განათლების განვითარების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია BIM Solutions Georgia შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერისას განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ასევე თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გაძლიერებას. პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომავალი მშენებელი ინჟინრებისა და არქიტექტორების თანამედროვე ციფრული უნარებით აღჭურვას, რაც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ვიცე-რექტორის თქმით, BIM Solutions Georgia-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კერძოდ კი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ურბანისტიკის, სამშენებლო და საინჟინრო სფეროების განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს თანამედროვე გლობალური ტექნოლოგიური ბრენდების, როგორიცაა Autodesk, Trimble, Fine, IdeaStatica ინტეგრაციას განათლების სისტემაში და ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე BIM სასწავლო ცენტრის დაფუძნებას.
როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, უნივერსიტეტის მისიაა მომავალ ინჟინრებსა და არქიტექტორებს შეუქმნას ისეთი აკადემიური და ტექნოლოგიური გარემო, რომელიც ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებს შეუწყობს ხელს.
„არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტისთვის BIM Solutions Georgia-თან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანი აკადემიური და სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე არქიტექტურული და ურბანული განათლების თვისობრივად მაღალ დონეზე აყვანას. BIM ტექნოლოგიები თანამედროვე ეპოქაში არა მხოლოდ ციფრული ინსტრუმენტია, არამედ კომპლექსური საგანმანათლებლო და პროფესიული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს დიზაინს, ურბანულ ანალიზს, საინჟინრო ინტეგრაციასა და პროექტის მართვის თანამედროვე მიდგომებს. თანამშრომლობის ფარგლებში ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებში ეტაპობრივად დაინერგება BIM სწავლების მოდელები, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას დაეუფლონ საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ მეთოდოლოგიებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას, ინტერდისციპლინურ სტუდიურ პროექტებსა და რეალურ პროფესიულ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ სასწავლო პროცესს.
ფაკულტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ამოცანა ისეთი არქიტექტორების, ურბანისტებისა და დიზაინერების მომზადებაა, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე ქალაქების განვითარების გამოწვევებზე პასუხის გაცემას მდგრადი განვითარების, ციფრული დაგეგმარებისა და ინოვაციური სივრცითი აზროვნების საფუძველზე. დარწმუნებული ვართ, რომ BIM Solutions Georgia-თან პარტნიორობა ხელს შეუწყობს როგორც სტუდენტების პროფესიულ ფორმირებას, ისე ფაკულტეტის კვლევითი და აკადემიური პოტენციალის გაძლიერებას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ქვეყნის ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესებზე“, - აცხადებს თამარ წერეთელი.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და BIM Solutions Georgia-ს შორის გაფორმებულ მემორანდუმს ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქუთათელაძემ მოაწერეს ხელი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი, ფაკულტეტის პედაგოგები, BIM Solutions Georgia-სა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები.