შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ცესკოში
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა გახსნა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და ყველა ამომრჩევლისთვის თანაბარი პირობების შექმნა.
გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს განხორციელებულ იმ აქტივობებზე, რომლებიც საარჩევნო პროცესში შშმ პირების მონაწილეობის ხელშეწყობას ემსახურებოდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, მათ შორის ცესკოს მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებსა და გადაწყვეტილებებზე.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის დემონსტრირებაც.
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი ცესკოში მრავალი წელია ფუნქციონირებს და მისი მიზანია შშმ ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
ჯგუფის შემადგენლობაში არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები (შშმ პირთა თემებზე მომუშავე შესაბამისი უწყებების მოწვეული წარმომადგენლები).
სხვა სიახლეები
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
12.12.2025.21:37
პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა.
ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად დაესწრო.
თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადობას სიტყვით მიმართა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა უსურვა. „ახალი წლის მოლოდინი სიკეთით ავსებს ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს. დღეს ინთება მთავარი ნაძვის ხე, ასევე, დღეიდან გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან, ემოციებთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, წელსაც განსაკუთრებული იქნება ჩვენი დედაქალაქი. ნაძვის ხის ანთებისას ყოველთვის იფიქრებენ სურვილებს. ცხადია, სურვილი ბევრია, მაგრამ არის ერთი განსაკუთრებული - მშვიდობა, რადგან მშვიდობას მოაქვს სიკეთე, განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა. დაე, მშვიდობა სუფევდეს მთელ საქართველოში, მსოფლიოში, სიკეთით სავსე იყოს ჩვენი ულამაზესი თბილისი და საქართველო. გილოცავთ წინასწარ შობა-ახალ წელს. გილოცავთ საახალწლო დღეების დაწყებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდიისა და დათო ფოცხიშვილის ანსამბლ „მეტეხის“ წარმომადგენლები, ასევე, დავით ევგენიძე და „რანინა“; მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე; წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი.
ღონისძიების კონცეფცია, რომლის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეა, აგებული იყო დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე - „სიკეთით სავსე ქალაქი“.
საზეიმო ცერემონიას ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერის მოადგილეები, პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე „საახალწლო სოფელიც“ გაიხსნა, სადაც 7 იანვრის ჩათვლით, სხვადასხვა წარმოდგენა გაიმართება. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და სანტას სახლი.
„საახალწლო სოფელი“ საზეიმო ღონისძიებით 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული.